თავისუფლების ცნება მეტად ბუნდოვანი და სადაოა,
მისი ინტერპრეტირების მრავალფეროვნების
და არაერთგვაროვნების
გამო. ხშირად უგულველყოფილია მისი რეალური საწყისი - რასაც აზროვნება ან აზრი ქვია.
აზროვნების პრობლემა საკმაოდ რაციონალურადაა განხილული ემანუილ კანტის შრომებში, კერძოდ
„წმინდა გონების კრიტიკაში“. აღსანიშნავია გონიერების მისივე კონტრთეზისით განმარტება:
„საგნის, მოვლენის გააზრების უუნარობას - სიბრიყვე ეწოდება“. გამოდის გონიერება საგნის
ან მოვლენის გააზრების უნარია.
აქედან გამოდის, რომ თუ ადამიანი რაღაცას ვერ გაიაზრებს
შეუძლებელია მან დადოს დასკვნები და შესაბამისად ჰქონდეს რაციონალური დამოკიდებულება
ამა თუ იმ მოვლენასთან ან განხილვის საგანთან. ტერმინი აგნოსტიციზმი ბერძნულიდან ითარგმნება
როგორც უცოდინრობა (გაუაზრებლობა), თუმცა როგორც ფილოსოფიური კატეგორია წარმოადგენს
გააზრების ზღვარს. ანუ შეუძლებელია პრობლემა წარმოიშვას გარკვეული აზროვნების დონეზე
და იმავე აზროვნების დონეზევე გადაწყდეს.
თავისუფალი აზრისა და არჩევანის ფიქტიურობა თანამედროვე
სამყაროში სწორედ იმის გამო არსებობს, რომ ინფორმაციის უმეტესობა უკვე ინტერპრეტირებული
და მოდელირებული მიეწოდება საზოგადოებას. ადრე თუ წერილობითი ინფორმაცია აბსოლუტურ
გონებრივ მოდელირებაზე იყო დამოკიდებული - ანუ ადამიანის ინდივიდუალურ წარმოსახვაზე,
ახლა უკვე სრული ვიზუალური და ხმოვანი მოვლენათა ჯაჭვი მიეწოდება. აღარაა საჭირო ადამიანმა
აკეთოს დასკვნები, რომელიც მხოლოდ მისთვისაა ხელმისაწვდომი. თუმცა ეს არ ნიშნავს იმას,
რომ უკვე უნივერსალური აზროვნების ფორმა მოინახა და ყველა პრობლემაც გადაწყდა თავისთავად.
დემოკრატიული მოწოდებები აზრის გამოხატვის თავისუფლებისკენ, ვისთვის - ნამდვილი მონაპოვარია
და ვისთვის არაფრისმთქმელი ლოზუნგი. მართლაც და სხვა სახელმწიფოებრივ მმართველობის
ფორმებში ნაკლებად შეხვდებით ალიკაპ აკრულ ადამიანებს, თუ არ ჩავთვლით ინკვიზიციის
მიერ ცეცხლზე დასაწვავად განწირულთა ენის ბორკილებს.
ლოგიკურია დაიბადოს კითხვა: თუ ადამიანებს პირი
არ აქვთ აკრული მაშინ რა აიძულებთ მათ არ გამოხატონ ინდივიდუალური აზრი და გააკეთონ
ის დასკვნები, რომლებიც მხოლოდ და მხოლოდ მათ ხელეწიფებათ? ან იქნებ და საერთოდ არ
გააჩნიათ ინდივიდუალური დამოკიდებულება ამა თუ იმ მოვლენის მიმართ და ისინი ბრმად ენდობიან
საზოგადოებაში დამკვიდრებულ მოდალობებს?! თუმცა ვერაფერს იტყვი, ამ უკანასკნელზე აშკარად
აქტიურად მუშაობენ, როგორც პოლიტიკური წრეები ისე მსხვილი კორპორაციები, რომლებიც აქტიურად
ცდილობენ დაარწმუნონ ხალხი მათი პროდუქციის შეუცვლელობაზე, უნიკალურობასა და კეთილშობილებაზე. რა საჭროა რაღაცის კანონზომიერი
შესწავლა და მისი ურთიერთქმედების გამოცდა ავ-კარგიანობაზე?! ვიღაცამ საზოგადოებას
უკვე უკარნახა რა არის „ჭეშმარიტება“ და რა თქმა უნდა გაბრთხილებული კარგადაცაა შეიარაღებული,
ამას ხომ სრულიად კომპეტენტური ადამიანები აკეთებენ - ისინი ვინც დღე და ღამ საზოგადოების
კეთილდღეობაზე ზრუნავენ.
საინტერესოა რატომ არ ეჩვენება ხალხის უმეტესობას
პარადოქსულად ის აზრი, რომ მათი ჩარევის გარეშე შეიძლება მათდა სასიკეთოდ გადაწყდეს
პრობლემები. თუმცა ჩვენ სკოლაში გვასწავლიდნენ, რომ დიადი ქართველი მმართველები ყოველთვის
ვაჟკაცურად იცავდნენ სამშობლოს, და რომ არა მოღალატეები უცილობლად გავიმარჯვებდით.
ჯერ კიდევ სკოლიდან დამკვიდრებული საზოგადოებრივი აზრი: მმართველმა იცის რა უჭირს სამშობლოს
და მასთან დაპირისპირება სამშობლოს ღალატია. ხო რა თქმა უნდა ამის ციტირებას პირდაპირ
არ ახდენენ, თუმცა უამრავი მაგალითით გვიმტკიცებენ თეზისის ჭეშმარიტებას. ეკლესიაში
კი გვეუბნებიან ნუ განსჯით და არ განისჯებით - წმინდა მეფეების პოლიტიკური მოღვაწეობის
განხილვა მკრეხელობაა, პოლიტიკურ მოღვაწეობაში აღმოჩენილი ხარვეზებით აშკარად და მიზანმიმართულად
„ვცხებთ ჩირქს“ წმინდანებს. ანუ პოლიტიკა არ
ექვემდებარება განხილვას, ეს ის ფენომენია რომელიც აუცილებლად ისე უნდა მიიღო, როგორც
მოგართმევენ სუფრასთან - არ აქვს მნიშვნელობა საკმაზი მოგწონს თუ არა. თუ მოგწონს ჭეშმარიტი და თავდადებული პატრიოტი ხარ,
მიღებული ხარ და აღიარებული საზოგადოების მიერ. თუ მაინც და მაინც აღფრთოვანებული არ
ხარ და მაინც ახერხებ კმაყოფილების გამოხატვას - იმისთვის რომ ზურგშექცეული არ დარჩე
და შენზე გაწეული განმანათლებლური ზრუნვა კარგად დააფასო, დროთა განმავლობაში ყველაფერს
მიეჩვევი, თვითდაჯერება, რომ ყველაფერი უკეთესობისკენაა მიმართული აშკარად მოქმედებს.
და თუ მაინც გაბედე და გადახვედი საძულველთა ბანაკში, რომლებისთვისაც არაფერი წმინდა
არ არსებობს, მაშინ აშკარად იმსახურებ ზურგის შექცევას. თუ არ მოგწონს მაშინ იყავი
შენთვის, მერე რა რომ შენ მოვლენები გაიაზრე და აშკარად ხედავ, რომ რაღაც ისე არაა
როგორც უნდა იყოს - შენ არ გაქვს იმდენი ავტორიტეტი რამდენიც „კომპეტენტურ პირებს“
აქვთ. ეთიკის მშვენიერება ხომ კარგა ხანია ლამაზ შეფუთვად - „ეტიკეტად“ იქცა.
„თითის გაშვერა უზრდელობაა“ ასე გვასწავლიდნენ
ყოველ შემთხვევაში, თუმცა კარგა ხანია რაც ჩვენ თვალწინ იშვერენ თითს და მოღალატეებს
აბრალებენ იმას, რომ ერთობა ვერ შედგა. დიადმა ავტორიტეტებმა ნათლად წარმოგვიდგინეს
იდეოლოგიები, რომლებიც ერთობასა და ძმობას გვაწავლიან. იდეებში შეზღუდვების დაწესება
ძალიან საპასუხისმგებლო და კეთილშობილური საქმეა. თუ ხალხი ერთგვაროვან დამოკიდებულებაში
არ იმყოფება საჭირ-ბოროტო საკითხებთან მიამართებაში - ე.ი. ერთობა არ შედგა. დიდი ამბავი
თუ, რომელიმე ადამიანში პროდუქტიულ იდეას საზოგადოებამ ზურგი შეაქცია. საზოგადოებას
ხომ დემოკრატიული მეთოდებით ყავს არჩეული და მანდატმინიჭებული ესა თუ ის პოლიტიკური
პირი. მათ სრული უფლება აქვთ ილაპარაკონ საზოგადოების სახელით, რადგან არჩევნებზე სწორედ
ასე გადაწყდა. ლიდერი თავად სახელმწიფოა, და ეს ხალხის არჩევანია - ასე რომ თუ რაღაც
ისე არ ხდება ისინი გაიშვერენ თითს მოღალატეებისკენ. რიგით მოქალაქეს კი არ აქვს თთის
გაშვერის უფლება, მან არჩევანი უკვე გააკეთა - თთის გაშვერა და ვინმეს დადანაშაულება
თვითნებურად აშკარა უზრდელობაა. მეტ-ნაკლებად განათლებული საზოგადოება კი დუმს. მათ
მშვენივრად იციან რომ პოლიტიკა ვნებების სფეროა, მოზღვავებული ვნებები კი უეჭველად
აფექტურ და გაუაზრებელ საქციელებამდე მიდის. აქ უკვე აშკარა საბრთხე ემუქრება იდივიდუალური
კომფორტის შეგრძნებას. ხალხმა ხომ გააკეთა უკვე თავისუფალი არჩევანი და ობიექტურობა
გვეუბნება, რომ ამ ბუნებრივ პროცესთან დაპირისპირება კარგს არც არაფერს არ მოგვიტანს.
სასწორზე მთელი მენტალური კომფორტი დევს, რომელსაც ძირს კომფორმულობა უმყარებს. აუცილებელია,
რომ განათლებულმა ადამიანებმა სულის სიმშვიდე შეინარჩუნონ, არ ღირს ბინძურ საქმეებში
ხელების ფათური. მერე რა? თუ რომელიმე ისტორიკოსი ან საღად მოაზროვნე ადამიანი, ამ
ყველაფერს მოგვიანებით საკუთარი ბედისადმი გულგრილობას უწოდებს?! არ გვახსენდება როგორ
მოვიხსენიებდით ბრიყვებად მთელი ეპოქის საზოგადოებას, რომელთა საქციელიც დღეს აბსურდულად
და ერთგვარად მარაზმატულადაც კი გვეჩვენება. რწმენა უკვე კარგა ხანია დამოკიდებულია
ავტორიტეტების მიერ იდეოლოგიურ ინტერპრეტაციებზე - ასე ჭირდება ერთობას. რწმენის თვისება
- იყოს აბსოლუტურად ინდივიდუალური და ადამიანი საკუთარ აზროვნებას განსჯიდეს ამით და
ზნეობრივი საქციელის წინაპირობა იყოს, აღიარებული არაა საზოგადოების მიერ. როცა რწმენა
გვახსენება - გვახსენდება ისიც, რომ არასრულყოფილები და ცოდვილები ვართ, ამიტომ აზროვნებაც
და განსჯაც უნდა მივანდოთ ავტორიტეტებს, რომლებიც ჩვენზე უფრო „კომპეტენტურები“ არიან
და მათი ინტერპრეტაცია აბსოლუტურ ჭეშმარიტებად მივიღოთ - მიუხედავად იმისა, თუ რამდენადაა
ეს ყველაფერი კანონზომიერად დასაბუთებული. თუ პირველივე ჯერზე ვერ გავიგეთ ხშირად გაგვიმეორებენ:
„გამეორება ცოდნის დედაა“.
აშკარად ჩანს, რომ ასეთი ობიექტური მოცემულობის
ფონზე პრობლემების გადაწყვეტა შეუძლებელია. აშკარად უფრო მეტი ზნეობრიობა მოეთხოვება
საზოგადოების იმ ნაწილს, რომელიც თავის თავს მეტ-ნაკლებად განათლებულს უწოდებს. მიუხედავად
იმისა, რომ მათი სახელები ისტორიას არ შემორჩება, ისინი ბრიყვებთან ერთად მოიხარშებიან
ისტორიული სამართლიანობის ქვაბში. განაჩენი აშკარად არასახარბიელოა და დამამცირებელი,
თუმცა ამას რომ თავი ავარიდოთ აშკარად უნდა ვცადოთ აზროვნება - მოვლენების გულდასმით
გააზრება და გამოსავლის მოძიება. მორალი, როგორც კარგად გატკეპნილი ზნეობრივი მოწოდება
- ყოველი ინდივიდისგან მოითხოვს პოლიტიკაში პროდუქტიულ ჩართვას და ზნეობრივ პასუხისმგებლობას
იმაზე, რაც მის გარშემო ხდება.
ამირან კაპანაძე
ეკონომიკური პოლიტიკის ექსპერტთა ცენტრი
საერთაშორისო პროგრამების კოორდინატორი
No comments:
Post a Comment