Pages

Friday, July 12, 2013

სომხური კარტოფილი ქართულ ბაზარზე

26 March 2011 
საკვები პროდუქტების გაძვირებას მთელი წლის განმავლობაში უფრო მეტად ვარაუდობენ, გამოსავლად კი სოფლის მეურნეობის ისეთი დარგების განვითარება მიიჩნევა, რომელსაც მსხვილი ინვესტიციები არ სჭირდება, მცირე წარმოებაც კი რენტაბელურია და მოგებას და შედეგს მოკლე დროში იძლევა.

კარტოფილი სამომხმარებლო კალათაში მეშვიდე პოზიციაზეა. ადგილობრივი მოსავალი იმდენად მცირეა, რომ ბოლო ორი წელია საქართველოში კარტოფილი თურქეთიდან შემოდის. ადგილობრივი მოსავალი მხოლოდ მოთხოვნის 30%-ს აკმაყოფილებს. ლიდერის პოზიციებს ქართულ ბაზარზე, კარტოფილის გაყიდვის თვალსაზრისით, კვლავ თურქეთი და სომხეთი ინაწილებს. "საქსტატის" მონაცემებით, 2009 წელს საქართველოში 5,495 ტონა სომხური კარტოფილი შემოვიდა და გაიყიდა, 2010 წელს კი 1,036,7 ტონა. 2009 წელს თურქეთიდან 11,155 ტონა კარტოფილის იმპორტი განხორციელდა. მაშინ, როცა მსოფლიოში ფასები პიკს აღწევს, რატომ უნდა შემოდიოდეს კარტოფილი თურქეთიდან, როცა მისი წარმოება საქართველოშიც შეიძლება, კერძოდ, ახალციხის, ახალქალაქის, ხულოსა და შუახევის რაიონებში.
კარტოფილი საკმაოდ მოთხოვნადი პროდუქტია და არსებული დეფიციტის პირობებში, მისი ფასიც იზრდება. "საქსტატის" ხელმძღვანელი ზაზა ჭელიძე ამბობს, რომ ყველაზე მაღალი წილი ინფლაციაში კარტოფილს ენიჭება, რადგან მნიშვნელოვანი წონა აქვს სამომხმარებლო კალათაში. მისი წილი ინფლაციაში 2,4%-ია. აქედან გამომდინარე, როცა დეკემბერში ამ პროდუქტის ფასი 100%-ით გაიზარდა, ბუნებრივია, ინფლაციის მაღალი წილი კარტოფილზე მოვიდა. სამომხმარებლო კალათაში ყველაზე მაღალი წონა - 7,5% აქვს პურს, ხოლო ამ პროდუქტზე ინფლაციის 1,2%-ია. სამომხმარებლო კალათაში მოწინავე პოზიციაზეა ზეთი, ლობიო, ხორცი, წიწიბურა, საწვავი და მედიკამენტები.
ადგილობრივ ბაზარზე კარტოფილის ფასი, ხარისხის მიხედვით, 1,30 ლარიდან 2 ლარამდე მერყეობს. ხარისხიან პროდუქტად იგულისხმება ახალქალაქში მოყვანილი კარტოფილი. თუმცა, ხელისუფლება ამ ბაზარსაც უცხოელებს უთმობს და ქართულ გაცილებით უფრო ხარისხიან და ეკოლოგიურად სუფთა პროდუქტს, თურქულს უთმობს. ამ ეტაპზე ქართულ ბაზარზე თურქული და სომხური კარტოფილი იყიდება.
საქართველოში მოყვანილი კარტოფილი კი ექსპორტზე გადის ანუ მთავრობა ახალქალაქის კარტოფილს საზღვარგარეთ საკმაოდ კარგ ფასად ყიდის, საქართველოში კი შემოდის თურქული კარტოფილი, რომელიც თურქეთში გაცილებით იაფი ღირს, ვიდრე საქართველოში, ყველა თანხის გათვალისწინებით.
საპარლამენტო ოპოზიციის წარმომადგენელი გია ცაგარეიშვილი აცხადებს, რომ "მთავრობა შეგნებულად აკეთებს ყველაფერს, რათა ადგილობრივ გლეხს არსებობის საშუალება მოესპოს. ეს ყველაფერი იმიტომ ხდება, რომ თვითონ არიან შემომტანები და რაში აწყობთ, რომ ადგილობრივ წარმოებას რაიმე შეღავათი მისცენ? ასეთი მიდგომები გლეხს ყველანაირ მოტივაციას უსპობს, რომ რამე აწარმოონ. ასე რომ მოხდეს, მერე მაგათ შემოტანილი ვის რაში ენდომება?"
ასეთი პარადოქსია კარტოფილთან დაკავშირებით. მსოფლიოში ფასები იზრდება, მაგრამ საქართველოში ფასები ათმაგად იზრდება.
სოფლის მეურნეობის სამინისტროს 2007 წლის მონაცემებით, საქართველოში 226 000 ტონა კარტოფილი აწარმოეს. იმპორტზე კი შემოვიდა 52 608 ტონა. საქართველოში იმპორტირებულ პროდუქტზე თურქეთის წილი 9,3%-ია.
საქართველოში მოსავალი გვალვებმა გააფუჭა, ფერმერები კი ძირითადად პირადი მოხმარებისთვის იყენებენ ან თავიანთ სარჩოს თბილისში ყიდიან. საქართველოში კარტოფილის მცირე მოსავალი ძირითადად განაპირობა იმან, რომ გლეხებმა ნათესები ვერ მორწყეს. გლეხს საშუალება არ აქვს, რომ კუსტარულად მორწყან. დანადგარი ძვირი ღირს და ყველასთვის ხელმისაწვდომი არ არის. 1 კილოგრამი კარტოფილის თესლი 1 დოლარი და 50 ცენტი ღირს, დაახლოებით 500 კილო მაინც უნდა შეიძინონ, რომ მოსავალი მიიღონ.
სოფლის მეურნეობა ბიზნესის "ღარიბი ნათესავი" გახდა. ქართული სოფელი გასაჭირშია, უჭირს ქართველ გლეხკაცს. მიწა კი სათანადო ყურადღებასა და მოვლას მოითხოვს.

მარიამ ბიბილაშვილი

No comments:

Post a Comment