Pages

Friday, July 12, 2013

რა დადებითი შედეგის მოტანა შეუძლია ინფლაციას?

19 March 2011"ინფლაციამ უმუშევრობის შემცირება მხოლოდ იქ შეიძლება გამოიწვიოს,
სადაც არსებობს მატარიალური, საექსპორტო პროდუქციის წარმოება"

ბოლო დროს საქართველოში აქტიური დისკუსიის საგნად იქცა სამომხმარებლო პროდუქციის ფასების ზრდა და ინფლაციის მაღალი დონე, რომელიც შესამჩნევი იყო მთელი 2010 წლის მანძილზე, მაგრამ მასზე როგორც მთავრობის, ასევე რიგითი მოქალაქეების რეაგირება განსაკუთრებით ბოლო დროს გამწვავდა. უკვე ბევრი ითქვა და დაიწერა ინფლაციის გამომწვევ მიზეზებზე, მის დასაძლევ გზებზე. მაგრამ ცოტას თუ საუბრობენ იმის შესახებ თუ რა ხელისშემწყობი პირობის წარმოქმნა შეუძლია ინფლაციას მოკლევადიან პერიოდში. თუმცა, ამაზე საუბარი, ალბათ, მხოლოდ თეორიულ დონეზე შეიძლება. ეკონომიკურ თეორიაში არსებობს ტერმინი "ფილიპსის მრუდი”, რომელიც ინგლისელი ეკონომისტის ფილიპსის მიერ იქნა შემოთავაზებული და ასახავს უკუპროპორციულ დამოკიდებულებას უმუშევრობასა და ინფლაციის დონეს შორის.

თანამედროვე საქართველოს ერთ-ერთი მთავარი პრობლემა უმუშევრობაა. ფაქტია, რომ ფასების დონის პრობლემა არანაკლებ მწვავეა. განსაკუთრებით ბოლო პერიოდში. ლოგიკურია თუ ვიფიქრებთ ამ ორ კატეგორიას შორის გასულ საუკუნეში აღმოჩენილ კავშირზე და ფასების ზრდაში რაიმე სასარგებლო მარცვალს დავინახავთ. თუმცა, ისევე როგორც სხვა ნებისმიერი ეკონომიკური თეორია გარკვეულ დაშვებებზეა დაფუძნებული და არა ყველა სიტუაციაში სრულდება, არამედ სხვადასხვა წინაპირობების შემთხვევაში. ამიტომ, აპრიორი იმის თქმა, რომ ინფლაციის ზრდა დასაქმებას გაზრდის არ შეიძლება.
როგორც ეკონომისტები გვარწმუნებენ, მოკლევადიან პერიოდში ინფლაციასა და უმუშევრობას შორის არსებობს ალტერნატივა, რაც გულისხმობს შემდეგს: მოკლევადიან პერიოდში ინფლაცია იწვევს უმუშევრობის გარკვეულწილად შემცირებას. ამის მიღწევის ორი შესაძლებლობა არსებობს: ერთი როცა ქვეყანაში არსებობს მატერიალური წარმოება, საექსპორტო პროდუქციის წარმოება და მეორე როცა გამიზნულად ხდება `ზედმეტი~ ფულის ორგანიზება. ანუ, როდესაც ეროვნული ბანკი ბეჭდავს ახალ ფულს, ფულის პირველი მფლობელები არიან კომერციულკი ბანკები, რომლებიც შედარებით დაბალ პროცენტად გასცემენ სესხებს იურიდიულ და ფიზიკურ პირებზე. ეს კი დადებითად აისახებოდა ქვეყანაში არსებულ წარმოებაზე. ანუ მეწარმეს თუკი მიეცემა საშუალუბა ისარგებლოს დაბალპროცენტიანი სესხით, იგი გააფართოვებს თავის წარმოებას, შესაბამისად მას ახალი მომსახურე პერსონალი დაჭირდება. აქედან გამომდინარე უმუშევართა რიცხვი რაღაც პროცენტით შემცირდება. მაგრამ ეს მხოლოდ მოკლევადიან პერიოდში.
თუმცა საქართველოში ეს ტენდენცია არ აღინიშნა, მიუხედავად იმისა, რომ ჩვენთან მართლაც მოხდა სესხებზე პროცენტის შემცირება. თუმცა აღმოჩნდა, რომ დაბალპროცენტიანი სესხები გასულ წელს ყველაზე მეტად ვაჭობის ხელშეწყობის მიზნით გაიცა. ვაჭრობა ეს არ არის ადგილობრივი წარმოების გაფართოვება თუ ხელის შეწყობა, იგი ვერ გამოიწვევდა ჩვენთან დასაქმებულთა რაოდენობის გაზრდას. Aამასთან, საქართველოში მოქმედი ბანკების უმრავლესობა ბიზნესის დასაწყებად სესხს არ გასცემს. შესაბამისად ეკონომიკის სტიმულირება ვერ მოხდებოდა, ან ეფექტი იქნებოდა გაცილებით მცირე და უშედეგო. რა აზრი აქვს ფულის მასით მანიპულირებას, თუ ბანკებმა იგი რეალური სექტორის დასაკრედიტებლად არ გასცეს.
მიუხედავად, "ფილიპსის მრუდის", ასე ვთქვათ, ვერ განხორციელებისა, იგი მეორე მიმართულებით მაინც იმოქმედებს. ვგულისხმობ ინფლაციის მოთოკვას, რამაც შეიძლება უმუშევრობა გაზარდოს. ფასების დონის ზრდის ტემპების შესამცირებლად ეროვნულმა ბანკმა გაამკაცრა მონეტარული პოლიტიკა. ეს ფაქტი, ბუნებრივია აისახება დაკრედიტებაში, რადგან "გაძვირებული ფულის" გამო კომერციული ბანკები სესხებზე საპროცენტო განაკვეთებს გაზრდიან, მეორეს მხრივ სავალდებულო რეზერვების ნორმის გაზრდით სემცირდება კრედიტებზე ხელმისაწვდომობა. ეს ყველაფერი რათქმაუნდა ეკონომიკის დაკრედიტებას შეამცირებს და შესაბამისად შეფერხდება ეკონომიკური ზრდა.
ანუ გამოდის, რომ ინფლაციის ზრდამ ჩვენს ქვეყანაში არ მოახდინა დასაქმების სტიმულირება, ხოლო მის მოსათოკად მიმართული ღონისძიებები კი დასაქმებაზე ნეგატიურად აისახება. ეს ალბათ "ფილიპსის მრუდის" ქართული ვარიანტია.
ამ თემასთან დაკავშირებით ჩვენ ექსპერტებს: ნოდარ ჯავახიშვილსა და ნოდარ ხადურს გავესაუბრეთ.
კითხვას გამოიწვევდა თუ არა ინფლაცია დასაქმებულთა ზრდას ეროვნული ბანკის ყოფილი პრეზიდენტი ბატონი ნოდარ ჯავახიშვილი სკეპტიკურად შეხვდა: ~ინფლაციამ შეიძლება გამოიწვიოს უმუშევრობის შემცირება მხოლოდ იქ, სადაც არსებობს წარმოება, მატარიალური, საექსპორტო პროდუქციის წარმოება, იმიტომ რომ კონკურენტუნარიანს ხდის მას საერთაშორისო ბაზარზე. გამაგებინეთ, რას აწარმოებს ქართველები, რომელი საექსპორტო პროდუქტის სტიმულირება უნდა მოხდეს, ჯართის? არსებობს ასეთი თეორია, რომ ინფლაცია იწვევს დასაქმებულთა გაზრდას და ეს პრაქტიკაშიც ბევრმა ქვეყანამ განახორციელა, მათ შორის ჩვენმა მეზობელმა თურქეთმა, სხვათაშორის ძალიან წარმატებულადაც კი, რადგან იგი ახდენდა ევროპული საერთაშორისო სტანდარტის პროდუქციის წარმოებას. სად გვაქვს ჩვენ ისეთი წარმოება, რომ მოვახდინოთ მისი სტიმულირება? ანუ ჩვენ ვართ მომხმარებელთა საზოგადოება, რომელიც ფაქტობრივად არაფერს არ აწარმოებს. გამუდმებით იწერება იმის შესახებ, რომ 80% იმპორტი გვაქვს და მხოლოდ 20% ექსპორტი. ექსპორტში კი სულ გვაქვს ნედლეული ან რეექსპორტი, ანუ ფაქტიურად არაფერი. ჩვენ, რომ გვქონდეს სერიოზული მატერიალური წარმოების სფერო, რომელსაც ექნებოდა პრეტენზია ან პოტენციალი მსოფლიოში გაწიოს კონკურენცია, აი მხოლოდ მაშინ შეიძლებოდა ამაზე ლაპარაკი. საქართველო ჯართისა და პატარა ნედლეულის გარდა ვერაფერს გადის საერთაშორისო კონკურენციაში. რისი სტიმულირება უნდა მოვახდინოთ იმპორტის? იმპორტისთვის ინფლაცია ეს არის თურქეთში, ჩინეთში და ა.შ ქართული სიმდიდრის გადინება. ანუ ინფლაცია დადებითად ან უარყოფითად აისახებოდა ისეთ ქვეყანაში, სადაც არის წარმოება, მაგრამ საქართველოს მეწარმე არ ჰყავს. ლიმონათისა და ლუდის მწარმოებლისათვის კი ინფლაცია გაიზრდება თუ შემცირდება საბოლოო ჯამში აქედან არანაირი სინთეზი არ არსებობს.”
"ინფლაციასა და დასაქმებას შორის არის კავშირი, შეიძლება დასაქმების ზრდამ გამოიწვიოს ფასების ზრდა და არა პირიქით. თანაც "ფილიპსის მრუდის" არსებობა მსოფლიოში 1970 წლის შემდეგ აღარ დასტურდება. 60-იან წლებში, როდესაც ფილიპსი, სეიმონსონი და ჰინქსი დიდ ბრიტანეთსა და ამერიკის შეერთებულ შტატებში შეისწავლიდნენ ამ საკითხს, მაშინ დასტურდებოდა ამ თეორიის არსებობა. ჩვენ იმის იმედით, რომ თუ რა კარგია ინფლაცია, უმუშევრობა შემცირდება, არ უნდა ვიყოთ. პირიქით, სამწუხაროდ, ძალიან ბევრი საწარმო შეიძლება გაკოტრდეს ასეთი მაღალი ინფლაციის დროს და ბევრმა დაკარგოს სამსახური”, - განაცხადა ეკონომიკის ექსპერტმა ნოდარ ხადურმა.

მაგდა ლორთქიფანიძე

No comments:

Post a Comment