მთავრობა კვლავ 6–პროცენტიან ზრდას ელოდება
რადიო „კომერსანტი,“ FM 95,5
ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის მსგავსად კიდევ ერთი გავლენიანი სარეიტინგო სააგენტო ამბობს, რომ საქართველოს ეკონომიკური ზრდის პროგნოზი 3 პროცენტი იქნება. ამ პროგნოზს Fitch–ი აკეთებს. შეგახსენებთ, რომ Fitch–ი 2012-2013 წლებში საქართველოში 5,5%–იან ზრდას ელოდებოდა.
შესაბამისად, თუ Standard and poor's–მა ეკონომიკური ზრდის პროგნოზი 3,5 პროცენტით განსაზღვრა, EBRD–ი და Fitch–ი 3–პროცენტიან ზრდას ვარაუდობენ.
Fitch–ის საქართველოს ფინანსთა მინისტრი აცხადებდა, რომ წამყვანი საერთაშორისო ფინანსური ინსტიტუტები საკუთარ პროგნოზებს გადახედავენ. საქართველოს მთავრობა კვლავინდებურად 6–პროცენტიან ზრდას ვარაუდობს.
შეძლებს თუ არა საქართველო 2013 წელს დაგეგმილი 6%–იანი ეკონომიკური ზრდის მიღწევას? არასამთავრობო ორგანიზაცია „ეკონომიკური პოლიტიკის ექსპერტთა ცენტრის“ ხელმძღვანელის განცხადებით, ეკონომიკური ზრდა პირდაპირ დამოკიდებულია იმაზე, როგორ ეკონომიკურ პოლიტიკას გაატარებს მთავრობის ეკონომიკური გუნდი. რამაზ გერლიანის თქმით, პირველ კვარტალში, 2012–ის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 1,7%–იანი ეკონომიკური ზრდა დაფიქსირდა, რაც ნიშნავს, რომ დაგეგმილი 6%–იანი ეკონომიკური ზრდის მისაღწევად შემდეგ თვეებში ეკონომიკურმა ზრდამ სულ მცირე 6%–ს უნდა გადააჭარბოს. ექსპერტის განმარტებით, სოფლის მეურნეობის მილიარდიანი ფონდი შედეგს ნოემბერში დადებს, როდესაც შემოსავლების სამსახური მიწის გადასახადის ამოღებას დაიწყებს და ამ პერიოდში უკვე ნათელი გახდება, უზრუნველყოფს თუ არა მთავრობის ეკონომიკური პოლიტიკა დაგეგმილი ზრდის მიღწევას.
No comments:
Post a Comment