Pages

Friday, July 12, 2013

2011 წელს კომერციული ბანკები სოფლის მეურნეობის დაკრედიტებას გაზრდიან

26 March 2011
აგრარული სექტორი ქვეყნის ეკონომიკის განვითარებისთვის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი დარგია, თუმცა საქართველოში სოფლის მეურნეობის განვითარება წლიდან წლამდე გაზრდის ნაცვლად, შემცირებულია. ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი დაბრკოლება კი, რომელიც აგრარული სექტორის განვითარებას წინ ეღობება, სოფლის მეურნეობის დაკრედიტების დაბალი დონეა.
საქართველოში კომერციული ბანკები სოფლის მეურნეობის დაკრედიტებისგან, სექტორში არსებული რისკებიდან გამომდინარე, თავს იკავებენ. ამიტომ, არცაა გასაკვირი, რომ ეკონომიკის ამ უმნიშვნელოვანეს დარგზე საბანკო კრედიტების მხოლოდ 2 პროცენტზე ნაკლები მოდის.
ექსპერტები სოფლის მეურნეობის განვითარების ერთ-ერთ მნიშვნელოვან ფაქტორად ქვეყანაში აგრო დაზღვევის განვითარებას მიიჩნევენ. ამ მხრივ საქართველოში მართლაც შეიმჩნევა სასიკეთო ძვრები - აგრო დაზღვევის ტენდენცია უკვე გამოიკვეთა, ეს კი სოფლის მეურნეობაში აქამდე არსებულ რისკებს მნიშვნელოვნად შეამცირებს და, წესით, ხელს შეუწყობს სექტორის დაკრედიტების მოცულობის ზრდას.

მიმდინარე წელს საზოგადოებას ახალი ინიციატივებით სადაზღვევო კომპანიები: "ალდაგი ბისიაი" და "ჯიპიაი ჰოლდინგი" წარუდგნენ.
სადაზღვევო კომპანია "ჯიპიაი ჰოლდინგი" და "პროკრედიტ ბანკი" სპეციალურ კომპლექსურ მომსახურებას სთავაზობენ სიმინდის წარმოების ხელშეწყობის პროგრამაში მონაწილე ფერმერებს. საქმე ეხება სათესლე მასალის და შხამ-ქიმიკატების მისაღებად საგარანტიო მომსახურების შეთავაზებას. ფერმერს ანგარიშსწორება შეღავათებით, მოსავლის აღების შემდეგ შეუძლია.
სადაზღვევო კომპანია "ალდაგი ბისიაი" კი მოსახლეობას სოფლის მეურნეობის სხვადასხვა კულტურების დაზღვევის ისეთ პროდუქტებს შესთავაზებს, როგორიცაა შინაური ცხოველების, სათბურების, სიმინდის, ხორბლისა და სხვა კულტურების დაზღვევა.
"ალდაგი ბისიაის" გენერალური დირექტორის ნიკოლოზ გამყრელიძის განცხადებით, სოფლის მეურნეობაში გასულ წლებში ძირითად პრობლემას დაკრედიტების დაბალი დონე წარმოადგენდა. მისი განმარტებით, ბანკები ძალიან ფრთხილობდნენ და დღემდე ინარჩუნებენ სიფრთხილეს ამ სექტორის დაკრედიტებაზე. თუმცა იგი იმედოვნებს, რომ საქართველოში აგრო დაზღვევის განვითარება მნიშვნელოვნად შეუწყობს ხელს კომერციული ბანკების მხრიდან სოფლის მეურნეობის დაკრედიტების ზრდას.
"ბანკები და ფინანსები" შეეცადა გაერკვია, მიმდინარე წლიდან, აგრო დაზღვევის განვითარების კვალდაკვალ, თუ აპირებენ კომერციული ბანკები სოფლის მეურნეობის დაკრედიტების გაზრდას. ამ კითხვით საქართველოში მოქმედ ცხრამეტივე კომერციულ ბანკს მივმართეთ, თუმცა კითხვაზე პასუხი მხოლოდ სამი ბანკისგან - "პროკრედიტ ბანკი", "ბანკი კონსტანტა", "პროგრეს ბანკი" მივიღეთ. მიუხედავად ამისა, შესაძლოა, დავინახოთ ის სურათი, თუ როგორ შეიძლება განვითარდეს მომავალში მოვლენები სოფლის მეურნეობის დაკრედიტების თვალსაზრისით.
როგორც "პროკრედიტ ბანკში" განგვიმარტეს, ბანკი ყოველთვის აფინანსებდა აგრო სექტორს, რადგან ეს სფერო ბანკის ერთ-ერთი პრიორიტეტული მიმართულებაა და მიმდინარე წელსაც ბანკი აქტიურად განაგრძობს აგრო სექტორის დაკრედიტებას. "დაგეთანხმებით, რომ ამ სფეროში არსებული რისკები გარკვეულწილად ზღუდავს აგრო მეურნეობების განვითარებას. ხელმისაწვდომი (გადასახდელი საკომისიოს თვალსაზრისით) აგრო დაზღვევის დანერგვა მნიშვნელოვნად გაამარტივებს ფერმერებისა და ბანკების ურთიერთობას.
"პროკრედიტ ბანკი", თავისი მისიიდან გამომდინარე - ხელი შეუწყოს ქვეყნის ეკონომიკურ განვითარებას, აქტიურად განაგრძობს აგრო სექტორის დაკრედიტებას. სოფლის მეურნეობის განვითარება ქვეყანას იმპორტზე ნაკლებად დამოკიდებულს გახდის, გაიზრდება ადგილობრივი წარმოება, უფრო ფართოდ დაინერგება საწარმოო ტექნოლოგიები, შეიქმნება აგროსაწარმოები და, შესაბამისად, მეტი ადამიანი დასაქმდება", - აცხადებენ "პროკრედიტ ბანკში".
"ბანკი კონსტანტა" ბოლო პერიოდში სოფლის მეურნეობის დაკრედიტების მიმართულებით გააქტიურდა და მიმდინარე წელსაც აღნიშნული სეგმენტის დაკრედიტების კიდევ უფრო გაზრდას გეგმავს. "აღსანიშნავია, რომ სოფლის მეურნეობის დაკრედიტების თვალსაზრისით "ბანკ კონსტანტა"-ს უკვე რამდენიმეწლიანი გამოცდილება აქვს, ამ მიმართულებით განსაკუთრებით უკანასკნელ პერიოდში გამოირჩევა. 2010 წლიდან მან საკმაოდ გაზარდა ამ სფეროს დაფინანსება და საკრედიტო დაბანდებამ 14 მილიონს გადააჭარბა - გასულ წელთან შედარებით, 156%-ით გაიზარდა. რაც შეეხება მიმდინარე წელს, "ბანკი კონსტანტა" ამ სეგმენტის დაკრედიტების კიდევ უფრო გაზრდას გეგმავს", - აღნიშნავენ "ბანკ კონსტანტაში".
მიმდინარე წელს, სოფლის მეურნეობის დაკრედიტების კუთხით, საქმიანობის გაფართოებას "პროგრეს ბანკი" გეგმავს. ,,პროგრეს ბანკი” სოფლის მეურნეობის სეგმენტის დაკრედიტებას იმთავითვე ახორციელებდა. გასულ წლებში ამ სფეროზე გამოყოფილი თანხა ბანკის საკრედიტო პორტფელის 5% შეადგენდა. დაფინანსდა სოფლის მეურნეობის არაერთი დარგი. თავისთავად ცხადია, მიმდინარე წელიც არ იქნება გამონაკლისი. უფრო მეტიც, ამ კუთხით საქმიანობას კიდევ უფრო გავშლით. მით უფრო, როცა სახელმწიფომ სოფლის მეურნეობა წლის პრიორიტეტად აღიარა, მაგრამ, ალბათ, სასურველი იქნება მარტო ბანკები კი არა, ამ სფეროში სადაზღვევო კომპანიებიც ჩაერთონ, რამეთუ რისკი კიდევ უფრო დაზღვეული იქნას", - განმარტავენ "პროგრეს ბანკში".
კომერციული ბანკების მიერ სოფლის მეურნეობის დაკრედიტების გაზრდა ქართულ ეკონომიკაში სოფლის მეურნეობის როლს გაზრდის და მისი როლი პოტენციურად შეიძლება გაორმაგდეს კიდეც. რაც, საბოლოო ჯამში, კიდევ უფრო გაზრდის სოფლის მეურნეობის წილს ქვეყნის ეკონომიკურ განვითარებაში.
როგორც ვხედავთ, საქართველოში კომერციული ბანკები სოფლის მეურნეობის დაკრედიტების მოცულობის ზრდას აპირებენ, თუმცა კრედიტის აღებისას ფერმერისთვის მნიშვნელოვანია, რა პირობებით იღებს ბანკისგან სასურველ სესხს. ამიტომ "ბ&ფ" დაინტერესდა, თითოეულ კომერციულ ბანკს სოფლის მეურნეობის დაკრედიტებისთვის რა რაოდენობის ფულადი რესურსი აქვს გამოყოფილი და რა პირობებით სთავაზობს მომხმარებელს აგრო სეხს.
"პროკრედიტ ბანკში" მომხმარებელს შეუძლია 300-დან 100,000 აშშ დოლარამდე (ეკვივალენტი ლარებში) აგრო სესხით ისარგებლოს, წლიური 15%-დან, სესხის დაფარვის მაქსიმალური ვადა კი 36 თვემდე განისაზღვრება. "როგორც უკვე აღინიშნა, აგრო სექტორის დაფინანსება ჩვენთვის ერთ-ერთი პრიორიტეტული მიმართულებაა, დაკრედიტება იწყება 300 აშშ დოლარიდან (500 ლარი), სესხის მაქსიმალური ოდენობა იგივე შეიძლება იყოს, რაც ბიზნეს სესხზე. საპროცენტო განაკვეთი დამოკიდებულია თანხის მოცულობაზე და იწყება წლიური 15%-დან. ჩვენ გავცემთ სესხებს როგორც საბრუნავი ასევე ძირითადი საშუალებებისთვისაც და გვაქვს სესხის დაფარვის სეზონური გრაფიკები, რაც აგრო სექტორისთვის ძალზე მნიშვნელოვანია”, - აღნიშნავენ "პროკრედიტ ბანკში”.
"ბანკი კონსტანტა", რადგან მიმდინარე წელს სოფლის მეურნეობის დაკრედიტების მკვეთრად გაზრდას აპირებს, ამ მიმართულებით 20 მილიონზე მეტი ფინანსური რესურსი გამოყო. "რაც შეეხება დღეისათვის არსებულ სესხის პარამეტრებს, მომხმარებელს შეუძლია აგრო სესხის აღება 60 დოლარიდან 30 000 დოლარის ჩათვლით, მინიმუმ, სამი თვისა და, მაქსიმუმ, 5 წლის ვადი, მესამე პირის თავდებობით და/ან უძრავი ქონების უზრუნველყოფით. სესხის საპროცენტო განაკვეთი დამოკიდებულია აღნიშნულ პარამეტრებზე", - აღნიშნავენ "ბანკ კონსტანტაში".
"პროგრეს ბანკის" მიერ სოფლის მეურნეობის სფეროზე გამოყოფილი თანხა ბანკის საკრედიტო პორტფელის 5% შეადგენდა, ბანკის წარმომადგენელთა განმარტებით, მიმდინარე წელს ეს რიცხვი გაიზრდება. "მოგეხსენებათ, ეს სეზონური სახის სესხებია, ამ ყველაფრის გათვალისწინებით, პირობებიც იქნება მაქსიმალურად მოქნილი და კლიენტზე მორგებული, მთავარი კი ამ კუთხით შეღავათიანი გადახდის გრაფიკის დაწესებაა.
ჩვენი ბანკის საკრედიტო სტრატეგია პორტფელის დივერსიფიცირებაა როგორც სექტორულ ჭრილში, ასევე სესხების მოცულობის ჭრილში. შესაბამისად, ჩვენ ყოველთვის მივესალმებით ჯანსაღი კლიენტების დაფინანსებას სოფლის მეურნეობის დარგშიც”, - განმარტავენ `პროგრესს ბანკში".
დანარჩენმა კომერციულმა ბანკებმა პასუხისგან თავი შეიკავეს, თუმცა მათი ვებ-გვერდებიდან მიღებული ინფორმაციის თანახმად, "საქართველოს ბანკი”, "ბაზის ბანკი", "ბანკი ქართუ" და "ქეი-ეს-ბი ბანკი" სოფლის მეურნეობას აკრედიტებს. აღნიშნულ ბანკებში მომხმარებელს 350-დან 500,000 აშშ დოლარამდე აგრო სესხის აღების შესაძლებლობა აქვს, სესხის ვადა 3 თვიდან 10 წლამდე ვადით, სესხის წლიური განაკვეთი კი 14%-დან 16%-მდე განისაზღვრება. 25%-ის თანამონაწილეობას ითხოვს "ბაზის ბანკი", ხოლო 20%-ს "ქეი-ეს-ბი ბანკი". მაგრამ გაზრდიან თუ არა აღნიშნული ბანკები მიმდინარე წელს აგრო სექტორის დაკრედიტებას, ეს მათ ვებ-გვერდებზე მითითებული არ გახლავთ.

თეონა ჭიტაძე

No comments:

Post a Comment