Pages

Wednesday, July 24, 2013

უტილიტარიზმი

რაციონალური აზროვნების უმთავრესი ამოცანა მისი ნაყოფიერებაა, რისი უარყოფაც ერთგვარ პარადოქსულ მდგომარეობაში აგდებს იმ ადამიანებს, რომლებიც ცდილობენ შედეგიანობის გვერდის ავლით თავს მოახვიონ გარშემო მყოფებს „ზნეობრივი“ პრინციპები. თითქოს და ისინი არსებობენ თავისთავად და უცვლელ ღირებულებად რჩებიან ყველგან და ყოველთვის. თუმცა ძალიან საეჭვოა რაღაცის ჭეშმარიტებაში იყვნენ ადამიანები დარწმუნებულები, თუ კარგად არ აქვთ გააზრებული თავად ზნეობის სიკეთე და მასში რაციონალურ საწყისებს ვერ ხედავენ. პოზიტიური სამართლის ფიქცია სწორედ იმაში მდგომარეობს, რომ იგი  საზოგადოებში გარკვეული ქცევის ნორმების დამკვიდრებას ცდილობს და ამავდროულად რეაგირებას იწყებს მხოლოდ მაშინ როდესაც რაღაც ნორმა დარღვეულია.
მარტივად რომ ვთქვათ ის არანაირ პრევენციას არ წარმოადგენს თუ არ ჩავთვლით შიშს ფაქტორს, რომელიც სასჯელის შიშითაა გამოწვეული. სადაც ადამიანი შიშს განიცდის იქ ბუნებრივია წინააღმდეგობის საფუძველიც არსებობს. ადამიანი კი ისარგებლებს ყოველი ხელსაყრელი მომენტით თავი აარიდოს პოზიტიური სამართლით დაწესებულ ყოველ ნორმას, რომელიც მის ინტერესებს აზიანებს. თუ ვინმეს სასჯელის ეშინია, ან უბრალოდ გამბედაობა არ ყოფნის დანაშაულის ჩადენისთვის - ეს ჯერ კიდევ არ ნიშნავს იმას, რომ ზნეობრივ ადამიანთან გვაქვს საქმე. სხვაგვარად რომ ვთქვათ: ადამიანი თუ გონივრულ ახსნას ვერ უძებნის ზნეობას, გამოდის რომ ის კანონს ან ზნეობას  მხოლოდ ფორმალურად თუ მიიღებს და ისიც როგორც მეტაფიზიკური მოვლენა იარსებებს მანამ სანამ ინდივიდი თავისთვის ხელსაყრელ მომენტს არ შეარჩევს ფიქციისგან თავის დასაღწევად.  
     უტილიტარიზმის კრიტიკა სარგებლიანობის ცნების შემოღების გამო, თითქოს და ის ამკვიდრებდეს გამორჩენისა და ანგარების საფუძველს, რომელიც ადამიანის ხორციელი კმაყოფილებისაკენ მიილტვის და წარმოდგენილია, როგორც პრიმიტიული ავხორცობა, რადგან მენტალურ კმაყოფილებას უშუალოდ ხორციელ კეთილდღეობას უკავშირებენ, ცალსახად არაა საფუძველს მოკლებული, თუმცა მეთოდოლოგიურ შეცდომას მაინც უშვებენ. კერძოდ არ ითვალისწინებენ გონიერების ესთეტიურ მხარეს, რომელიც მიილტვის არა სიამოვნებისკენ არამედ - სიამოვნებისკენ სიამოვნებათა შორის, ანუ იმისკენ რაც წმინდა მატერიალური ჩარჩოებიდან გამოდის და იდეების სამყაროში ინაცვლებს.  ანუ ის რაც ადამიანს არანაირ იდეაში არ ზღუდავს და მხოლოდ ერთ წინაპირობას სარგებლიანობას უყენებს საკუთრი თავისა და გარშემო მყოფების მიმართ. ზრუნვის სრული თავისუფლება და საკუთარი შემოქმედებით ტკბობა მხოლოდ იმიტომ, რომ ამის გაკეთება გინდოდა და კიდეც მიაღწიე საწადელს, რადგან სათანადოდ მოინდომე. ამას ქართულად ნეტარება ქვია და თუ ნეტარებისკენ სწრაფვის გამო ადამიანს ვნება აშლილის, ამბიციურს, პატივმოყვარესა და უბრალოდ ავხორცს ვუწოდებთ, მაშინ მარტივად შეგვიძლია დიაგნოზი დავსვათ: ჩვენ უარი ვთქვით შემოქმედებაზე და ამით შემოქმედსაც ზურგი შევაქციეთ.
      „ღმერთი მოკვდა - ადამიანებისადმი სიბრალულის გრძნობამ მოკლა იგი“ ნამდვილი კაკაფონია, რომელიც ამ ფრაზის გამო კიდევ უფრო ექსტრემალურსა და ექსცენტრულს ხდის მის ავტორს ფრიდრიხ ნიცშეს - სწორედ მისი რეალურობისგან არის გამოწვეული, და ეს რეალობა მეტაფიზიკური რეალობაა.  წარმოიდგინეთ ახლა მაყრიონი, რომელმაც მთელი ღრიანცელით ჩაიქროლა, ამ დროს კი გვერძე მდგომი გაცვეთილ ფრაზას ამბობს: „ამაღამ პატარძალს არ ასცდება“.  რა თქმა უნდა ეს ვერბალური ანანიზმია, რომელსაც საფუძვლად მენტალური ანანიზმი უდევს და მისი შედეგი  ჰაერის განაყოფიერებაა. ამ დროს კი სახეზე ორივეს ნათელი ღიმილი დაგთამაშებთ. ეს ნიჰილიზმია, ირონია აგრესიის გარეშე უბრალოდ ობიექტური რეალობაა, ვერც ვერავინ შეგვედავება რადგან აზროვნება ფორმალურ ლოგიკას არანაირად არ არღვევს. მაგრამ მოდით და ერთხელ ვიკითხოთ - რატომ? რატომ ამოყო ჩვენმა მეგობარმა თავისი აზრებით იქ თავი სადაც არავის დაუპატიჟია და მშვენივრად ხვდება, რომ არც არაფერი ესაქმება.  იმიტომ რომ ალბათ არ თვლის დანაშაულად თავის საქციელს, რადგან ეს მის ცნობიერებაში მოხდა და მერე რა თუ ეს ყველაფერი ამაზრზენია, არავინ დაშავებულა, პირიქით გავიცინეთ. მათლაც და მარაზმია, მაგრამ მოდით უფრო მშვენიერისკენ გადავინაცვლოთ, ვთქვათ შექსპირის „რომეო და ჯულიეტა“ ფინალური სცენა, როცა ორი ყმაწვილი ადამიანი თავს იკლავს, რა მშვენიერია არა თავგანწირვა?! მათ ხომ ასე ძალიან უყვარდათ ერთმანეთი - აი ნამდვილი სიყვარული. და როდესაც ქუჩაში მომავალ წყვილს დავინახავთ ხელიხელ გადახვეულს უბრალოდ ვიტყვით, რომ ეს ყველაფერი იაფფასიანი სექსუალური ხორცია. მათ რომ ერთმანეთი უყვარდეთ ჯერ ერთი მოიტეხავდა კისერს მეორე ნახევრის გამო და მერე მეორე - მათ რომ ნამდვილად უყვარდეთ ერთმანეთი. და არავის მოსდის თავში აზრად, რომ სწორედ ამგვარმა გულგრილმა საზოგადოებრივმა დამოკიდებულებამ შეიძლება მიიყვანოს ეს ყველაფერი ფატალურ დასასრულამდე, იმ დასარულამდე რომელსაც საზოგადოება მშვენიერს უწოდებს და სინამდვილეში გულგრილობის და ავხორცობის ტრიუმფია მშვენიერებაზე. იქნებ სწორედ ამგვარი ავადმყოფური ტრაგიზმისკენ მიდრეკილებაა, ის რაც მშვენიერებას ზურგს აქცევს და მას ჩანასახშივე დასაღუპად წირავს?! იქნებ სწორედ ესაა ის ფიქცია, რომელიც გვაიძულებს საკუთარ თავში გავწიროთ ყველაზე მშვენიერი და შემოქმედებაზეც უარი ვთქვათ - უარი ვთქვათ ბედნიერებაზე.
       წმინდა მატერიალური თვალთახედვით შეუძლებელია იდეათა სამყაროს ჩაწვდეს ადამიანი და მისგან სასარგებელი მიიღოს. იდეათა სამყარო იმ ფიქციების მიღმა რჩება, რომლებიც მთელს ცნობიერებას ქმნის და პროექციაში გამომწყვდეულ ინდივიდებს უპირობო მორჩილებისკენ მოუწოდებს, რადგან თავს ზემოთ ძალა არ არის. გამოდის რომ თავი ყველაზე მაღალ ძალად ვაღიარეთ, მაგრამ ამავდროულად უარი ვთქვით მასში მოთავსებული მეტაფიზიკური მანქანის უმთავრეს ფუნქციაზე - აზროვნებაზე. რა თქმა უნდა იდეა თავდაპირველად აბსოლუტური ფიქციაა, ინდივიდის სუბიექტურობის აბსოლუტური გამოვლინება, რომელიც ჯერ კიდევ არ არის დამკვიდრებული საზოგადოებრივ მოდალობაში. ის აბსოლუტურად აბსტრაქტულია, რადგან ჯერ არ არის რეალობასთან აქტიურ დიალექტიკურ პროცესში. დიალექტიკა არც მეტი არც ნაკლები საუბრის წარმართვის ხელოვნებაა და იდეის როგორც აბსოლუტური სუბიექტის გასაუბრება უნდა მოხდეს ობიექტურობასთან - არსებულ მოდალობასთან, რადგან ადამიანი სოციალური ცხოველია და მისი ურთიერთდამოკიდებულება ცალკეულ ინდივიდებთან სწორედ რომ მოდალური ნორმების გათვალისწინებით ხდება. რა თქმა უნდა დიალექტიკური პროცესი თავიდანვე ღია სახეს არ იღებს და საზოგადოების დანარჩენ წევრებთან არ ვიწყებთ მათ განსჯას. ეს საუბარი ჯერ საკუთარ ცნობიერებაშ უნდა შედგეს, ამას სხვაგვარად აპოსტერულ გააზრებასაც ეძახიან. აპოსტერული აზროვნების პროცესის გამართულობა ქმნის სწორედ იმის წინაპირობას თუ რამდენად ეფექტურად მოვახდენთ საკუთარი იდეის აუცილებლობის და ნაყოფიერების წარმოჩინებას. რაც უფრო მეტი კანონზომიერი წინაპირობა გვექნება ობიექტურობისა და სსუბიექტურობის რაციონალური ურთიერთდამოკიდებულებისა - მით უფრო დიდია შანსი რომ ახალმა იდეამ დაიმკვიდროს ადგილი. რამდენადაც მასშტაბურია სუბიექტური გავლენა ობიექტურ რეალობაზე მით უფრო მძლავრ ექსპანსიას წარმოადგენს შემოქმედება. ამას სხვაგვარად ალტერნატიულ რეალობასაც უწოდებენ და მისი გასაღები არასდროს არ შეიზლება იყოს დამკვიდრებულ მოდალობაში, მისი გასაღები ობიექტურ იდეალიზმშია.

      რა თქმა უნდა ზემოთხსენებული ტექნოლოგია ერთია და არაა გამორიცხული მისი ბოროტი მიზნებისთვის გამოყენება. ამიტომ ხდება აუცილებელი ეთიკის როგორც აზროვნების შემადგენელი ნაწილის აქტიური ჩართვა, იმისთვის რომ მივიღოთ მიზანშეწონილი. მშვენიერება ზნეობისთვის მიზანშეწონილია, მაგრამ ის არ წარმოადგენს მიზანს თავისთავად, რადგან ნებისმიერ კეთილდღეობას თავისი ღირებულება აქვს და შეუფასებელს მიზნად ვერ დავსახავთ. „ხე ნაყოფით იცნობა“ ასე წერია სახარებაში და აბსოლუტური ჭეშმარიტებაა. არცოდნა არცოდვა არაა, სწორედ რომ სიბრიყვეა ყველა ცოდვის წყარო და მისგან თავის დაღწევის ერთადერთი საშუალება აზროვნებაა - ნაყოფიერად აზროვნება.

ამირან კაპანაძე
ეკონომიკური პოლიტიკის ექსპერტთა ცენტრი
საერთაშორისო პროგრამების კოორდინატორი

No comments:

Post a Comment