21.03.2014 17:23
ეკონომიკის ექსპერტთა ცენტრი ხელისუფლებას სთავაზობს, რომ საარსებო მინიმუმის გამოთვლის მეთოდიკა შეიცვალოს, რათა ის რეალობას მოერგოს.
მათ უკვე შემუშავებული აქვთ მინიმალური სასურსათო და არასასურსათო კალათის ვირტუალური მოდელი, თუ როგორ შეიძლება დაანგარიშდეს საარსებო მინიმუმი, რომელიც გათვლილი იქნება დღეს არსებულ პირობებსა და სამომხმარებლო ფასებზე.
საკუთარ ინიციატივებს ეკონომიკის ექსპერტთა ცენტრი დარგის სპეციალისტებს მომავალ კვირას გააცნობს. როგორც ,,მედიანიუსს“ ცენტრის აღმასრულებელმა დირექტორმა ქეთი კრიალაშვილმა განუცხადა, მეთოდოლოგიაში, რომლითაც დღეს საარსებო მინიმუმი იანგარიშება, არის ხარვეზები, რაც ეხება მინიმალურ სასურსათო კალათაში შემავალ პროდუქტს. ასევე პრობლემურია პროპორციებს შორის სხვაობა, სადაც სასურსათო კალათას უკავია 70 პროცენტი, სხვა დანარჩენ სამომხმარებლო ხარჯებს კი 30 პროცენტი.
,,ჩვენისთანა ქვეყნისთვის, სადაც სასურსათო პრიდუქტები სხვა ქვეყნებთან შედარებით იაფია, ვიდრე სხვა არასასურსათო პროდუქტები, ეს პროპორციები არ არის რეალური. ამასთან მინიმალურ სასურსათო კალათაში 40 დასახლების სურსათში არ არის შეტანილი მწვანილი, კიტრი და სხვა პროდუქტები. სურსათის ხვედრითი წილი არის არასწორად გადანაწილებული, რის გამოც კალორიულობის კრებსითი ჯამი 2300 კილოკალორიაა, მაშინ, როცა კალორიულობა უნდა შეადგენდეს 2500 კილოკალორიას. თუ 2300-დან 2500- მდე ავალთ, ნიშნავს იმას, რომ 150 ლარს გადავაჭარბებთ. თუ გვინდა, რომ შევიდეთ ევროკავშირიში, რაღაც სტანდარტებიც უნდა მივიღოთ, რადგან ევროკავშირის ქვეყნებში კილოკალორაჟი 2700-ზე ნაკლები არ არის“, _ განაცხადა ქეთი კრიალაშვილმა.
ეკონომიკის მეცნირებათა დოქტორი რამაზ გერლიანი აცხადებს, რომ სტატისტიკის სამსახური საარსებო მინიმუმს ითვლის ხუთი ქალაქის მიხედვით და 2003 წლიდან დღემდე ეს მეთოდოლოგია რჩება უცვლელი. მასში გამოტოვებულია ისეთი მსხვილი რეგიონები, როგორიც არის სამეგრელო–ზემო სვანეთის, სამცხე–ჯავახეთი, მარნეული. მათი ბაზრების დათვლის გარეშე კი საარსებო მინიმუმი რეალური არ იქნება.
,,იმისათვის, რომ საარსებო მინიმუმი რეალობას მოერგოს, უნდა შეიცვალოს კვლევის მეთოდოლოგია. საარსებო მინიმუმში სასურსათო კალათის ხვედრითი წილი(70 პროცენტი) დიდია და ის უნდა დავიდეს დაახლოებით 55 პროცენტამდე, ხოლო დანარჩენი ხარჯების ხვედრითი წილი გაიზარდოს 45 პროცენტამდე. ეს მეორე ძირითადი ხარვეზია, რადგან სხვა ქვეყნებში სასურსათო პროდუქტს ყველგან ნაკლები პროცენტი უჭირავს, ვიდრე არა სასურსათოს. ჩვენს ქვეყანაშიც მოთხოვნა რეალურიად ასეა. ეს არის 2003 წლის ბრძანებით მიღებული მეთოდოლოგია, როდესაც 2003 წელს ამ მეთოდოლოგიით დათვალეს, საარსებო მინიმუმმა შეადგინა 130 ლარი, გავიდა 10 წელი და 150 ლარს არ გადაჭარბა ამ თანხამ. ბუნებრივია, ისმება კითხვა _ 2003 წლის 130 ლარი ინფლაციის გათვალისწინებით 10 წლის შემდეგ როგორ ვერ გახდა 150 ლარზე მეტი?!“,_ აღნიშნა გერლიანმა.
ის ფიქრობს, რომ დათვლის მეთოდოლოგიის შეცვლა გამოიწვევს მთელი რიგი სოციალური პაკეტის ცვლილებას, გაჩნდება მოთხოვნა, რომ პენსიაც გაუსწორდეს საარსებო მინიმუმს. თუმცა, თუ საარსებო მინიმუმი გათვლილი იქნება ჯანსაღ კვებაზე, შემცირდება სოციალური პაკეტების მომხმარებელთა რიცხვი.
ეკონომიკური პოლიტიკის ექსპერტთა ცენტრში შემუშავებული აქვთ სასურსათო და არასასურსათო კალათის ვირტუალური მოდელი, რომელიც იძლევა საშუალებას, გადამოწმედეს მათი კოეფიციენტები. ისინი ფიქრობენ, რომ მათ მიერ შემუშავებული დაანგარიშების მეთოდოლოგია საშუალო ვადიან პერიოდში გადასახედი არ იქნება.
გერლიანის თქმით, დღეს არსებული სასურსათო კალათა იმდენად არასწორად არის შედგენილი, რომ მის მიხედვით კვების შემთხვევაში გამოიწვევს ისეთ დაავადებებს, რაც საბოლოო ჯამში, სახელმწიფოს ტვირთად აწვება, სოციალური პაკეტების სახით.
თუ სახელმწიფო სწორად შეადგენს რაციონს და ჯანსაღ კვებაზე იქნება ორიენტირებული, შემაცირებს დაავადებების რისკებს და ჯანდაცვის ხარჯებს.
ექსპერტები ფიქრობენ, რომ ქვეყნის გეოგრაფიული არეალიდან გამომდინარე უნდა არსებობდეს ორი სახის_სეზონური კალათა.
ამ საკითხთან დაკავშირებით, ეკონომიკური პოლიტიკის ექსპერტთა ცენტრი უკვე მუშაობს და აქვს წინასწარი მონაცემები. ცენტის ექსპერტები 28 მარტს დარგის სპეციალისტებს თავიანთ მოსაზრებებს და არგუმენტებს გააცნობენ.
ლიზი.არსოშვილი
No comments:
Post a Comment