"თუ მთავრობას ვერწმუნებით, საარსებო მინიმუმის დადგენაზე სერიოზული მუშაობა მიმდინარეობს. მას შემდეგ, რაც მას-მედია ამ მიმართულებით გააქტიურდა და ექსპერტებმაც განსაკუთრებული ყურადღება გამოიჩინეს, საარსებო მინიმუმის დადგენის ახალ მექანიზმზე ხელისუფლებაც ალაპარაკდა. სულ ცოტა ხნის წინ ფინანსთა მინისტრმა განაცხადა, რომ მუშაობა დაიწყო და ახალი საარსებო მინიმუმი დადგინდება. თუმცა, როგორი იქნება იგი და რა ცვლილებებს შეიძლება ველოდოთ, ნოდარ ხადურს არ დაუკონკრეტებია. როგორ უნდა მოხდეს საარსებო მინიმუმის გათვლა და რა ცვლილებებს მოითხოვს არსებული მეთოდოლოგია, მთავრობის პოზიცია დღემდე არ არის ცნობილი", - წერს გაზეთი "რეზონანსი" სტატიაში სათაურით როდის შეიცვლება საარსებო მინიმუმი და სამომხმარებლო კალათა? / "სასურსათო კალათაში არ არის შეტანილი მწვანილი, კიტრი და სხვა პროდუქტები".
"ამასობაში კი ეკონომიკის ექსპერტთა ცენტრი ხელისუფლებას სთავაზობს, საარსებო მინიმუმის გამოთვლის მეთოდიკა შეიცვალოს და რეალობას მოერგოს. მათ უკვე შეიმუშავეს მინიმალური სასურსათო და არასასურსათო კალათის ვირტუალური მოდელი თუ როგორ შეიძლება დაანგარიშდეს საარსებო მინიმუმი, რომელიც გათვლილი იქნება დღეს არსებულ პირობებსა და სამომხმარებლო ფასებზე. ექსპერტთა ცენტრის აღმასრულებელი დირექტორის ქეთი კრიალაშვილის განცხადებით, მეთოდოლოგიაში, რომლითაც დღეს საარსებო მინიმუმი იანგარიშება, არის ხარვეზები, რაც ეხება მინიმალურ სასურსათო კალათაში შემავალ პროდუქტს. ასევე პრობლემურია პროპორციებს შორის სხვაობა, სადაც სასურსათო კალათას უკავია 70%, სხვა დანარჩენ სამომხმარებლო ხარჯებს კი - 30%" - აღნიშნავს გამოცემა.
"ჩვენისთანა ქვეყნისთვის, სადაც სასურსათო პროდუქტები სხვა ქვეყნებთან შედარებით იაფია, ვიდრე სხვა არასასურსათო პროდუქტები, ეს პროპორციები არ არის რეალური. ამასთან მინიმალურ სასურსათო კალათაში 40 დასახელების სურსათში არ არის შეტანილი მწვანილი, კიტრი და სხვა პროდუქტები. სურსათის ხვედრითი ნაწილი არის არასწორად გადანაწილებული, რის გამოც კალორიულობის ჯამი 2300 კილოკალორიაა მაშინ, როცა კალორიულობა უნდა შეადგენდეს 2500 კილოკალორიას. თუ 2300-დან 2500-მდე ავალთ, ნიშნავს იმას, რომ 150 ლარს გადავაჭარბებთ. თუ გვინდა, რომ შევიდეთ ევროკავშირში, რაღაც სტანდარტებიც უნდა მივიღოთ, რადგან ევროკავშირის ქვეყნებში კილოკალორაჟი 2700-ზე ნაკლები არ არის", - განაცხადა ქეთი კრიალაშვილმა.
"სპეციალისტები ფიქრობენ, რომ დათვლის მეთოდოლოგიის შეცვლა გამოიწვევს მთელი რიგი სოციალური პაკეტის ცვლილებას, გაჩნდება მოთხოვნა, რომ პენსიაც გაუსწორდეს საარსებო მინიმუმს. თუკი საარსებო მინიმუმი გათვლილი იქნება ჯანსაღ კვებაზე, შემცირდება სოციალური პაკეტების მომხმარებელთა რიცხვი. საარსებო მინიმუმის არსებულ სტანდარტებსა და გაანგარიშების მეთოდოლოგიის მიმართ კრიტიკა ამ ბოლო დროს ხშირად ისმის. სპეციალისტები მას მოძველებულად მიიჩნევენ. განსაკუთრებით მიუღებლად მიაჩნიათ თანაფარდობა სასურსათო და არასასურსათო პროდუქციას შორის", - წერს სტატიის ავტორი.
"საარსებო მინიმუმის დათვლის მეთოდოლოგიის შეცვლის საკითხს, მისი აუცილებლობის მიუხედავად, პრინციპულად ემიჯნება ექსპერტი ნოდარ კაპანაძე. ის თვლის, რომ რეალური ნაბიჯი ამ მიმართულებით არ გადადგმულა და ელემენტარულად არ დასმულა საკითხი, განემართათ საარსებო მინიმუმის არსი, რომლის მიმართაც საზოგადოებას დღემდე ბუნდოვანი წარმოდგენა აქვს. "საარსებო მინიმუმის დათვლის მექანიზმი შესაცვლელია, მაგრამ არანაკლებ პრობლემაა, რომ არასდროს მომხდარა საკითხის სწორად დასმა. ამიტომაა, რომ ნებისმიერი მოსაზრება, რომელიც ამ თემის გარშემოა, მიმაჩნია ვიღაცის მხრიდან მორიგ მცდელობად მედიაში "ტივტივისთვის". საარსებო მინიმუმის შინაარსის გასაცნობად არ არის აუცილებელი თუ რა პროდუქტს ჩადებ კალათაში, მინიმალური სასურსათო კალათის მოცულობა მოთხოვნა-მიწოდების წონასწორობას უნდა ემთხვეოდეს", - დასძენს ნოდარ კაპანაძე.
წყარო : ინტერპერსნიუსი
ქართული პრესის მიმოხილვა 22.03.2014
No comments:
Post a Comment