საქსტატის მონაცემებით, საარსებო მინიმუმმა საქართველოში,
2014 წლის ივლისის თვის მდგომარეობით
144,7 ლარი შეადგინა. საქართველოში საარსებო მინიმუმის გაანგარიშებას, ეს ოფიციალური
სტრუქტურა, სასურსათო კალათის ფულადი ღირებულების საფუძველზე, სასურსათო და არასასურსათო კალათების 70/30 პროპორციების
მიხედვით აწარმოებს. სასურსათო კალათის ფულად ღირებულებას, საქსტატი, 40 დასახელების
პროდუქტის ჯგუფის მიხედვით ანგარიშობს. ამ პროდუქტების დღიური კვებითი ღირებულება კი,
ერთ შრომისუნარიან მამაკაცზე 2 300,0
კ.კალორიას შეადგენს.
ანალოგიურ კვლევას, ალტერნატიული მეთოდოლოგიით, არასამთავრობო
ორგანიზაცია „ეკონომიკური პოლიტიკის ექსპერტთა ცენტრი“ პერიოდულად დამოუკიდებლად ახორციელებს.
„ეპეცი“ საარსებო მინიმუმის გაანგარიშებას, სასურსათო კალათა I-ის (გაზაფხული-ზაფხული) ფულადი ღირებულების მიხედვით
ახორციელებს, ხოლო საბოლოოდ, საარსებო მინიმუმს, მინიმალური სასურსათო კალათისა და
მინიმალური არასასურსათო კალათის 55/45 პროპორციების მიხედვით ადგენს. მინიმალური სასურსათო
კალათა მოიცავს 70 დასახელების პროდუქტს, რომელთა დღიური კვებითი ღირებულება 2 500,0 კ.კალორიას შეადგენს. აღნიშნული მეთოდოლოგიით გაანგარიშებულმა საარსებო მინიმუმმა, ივლისის თვეში 315,4 ლარი შეადგინა, რაც ზემოთ მითითებულ
ოფიციალურ მაჩვენებელს 2-ჯერ აჭარბებს.
„ეკონომიკური პოლიტიკის ექსპერტთა ცენტრის“ აღმასრულებელმა
დირექტორმა ქეთევან კრიალაშვილმა საქსტატიდან
იმ პროდუქტებზე ფასები გამოითხოვა,
რომლებსაც საქსტატის მიერ დათვლილი მინიმალური სასურსათო კალათა მოიცავს. შედეგად, მოთხოვნილ ინფორმაციასთან ერთად, „ეკონომიკური პოლიტიკის
ექსპერტთა ცენტრმა“, საქსტატიდან შემდეგი სახის
წერილი მიიღო: ,,გაცნობებთ, რომ შემდეგ პროდუქტებზე: პურ–ფუნთუშეული (გარდა ხორბლის
პურისა), შვრია, ნადუღი, ერბო, თხილი (დარჩეული), მზესუმზირა, მწვანე ხახვი, ყვავილოვანი
კომბოსტო, წითელი წიწაკა, ფხალი (ისპანახი), გარგარი და ჭერამი, ბალი, ქლიავი, ტყემალი,
მარწყვი, მოცხარი, ნესვი, მურაბები და ჯემები – საქსტატი დაკვირვებას არ აწარმოებს
და შესაბამისად აღნიშნული ინფორმაცია არ გააჩნია.’’
გამოდის, რიგ პროდუქტებზე, საქსტატი დაკვირვებას არ
აწარმოებს. შესაბამისად, საინტერესოა, საიდან
და როგორ ახორციელებს საქსტატი საარსებო მინიმუმის დათვლას, თუ ყველა პროდუქტზე ფასები
არ გააჩნია.
„ეკონომიკური პოლიტიკის ექსპერტთა ცენტრის“ მიერ
გაანგარიშებული საარსებო მინიმუმის მეტობა, საქსტატის ზემოთ მითითებულ ოფიციალურად
გაანგარიშებულ მონაცემთან შედარებით, სასურსათო
კალათის ჩამონათვალის მრავალფეროვნებითაა გამოწვეული, რაც ადამიანის შრომისუნარიანობის შესანარჩუნებლად აუცილებელია.
No comments:
Post a Comment