Pages

Wednesday, May 21, 2014

ობიექტივი - 2014წ, 21 მაისი, 11:30 - 12:20,

საქართველოში შრომისუნარიან მამაკაცზე საარსებო მინიმუმი 309 ლარიდან 317 ლარამდე უნდა განისაზღვროს
„ეკონომიკური პოლიტიკის ექსპერტთა ცენტრის“ სპეციალისტებმა „საქართველოში საჯარო პოლიტიკის ადვოკატირებისა და სამოქალაქო საზოგადოების განვითარების ცენტრის“ ეგიდით, რეალური საარსებო მინიმუმის დასადგენად, კვლევა სამი თვის განმავლობაში აწარმოეს. კვლევის შედეგად დადგინდა, რომ საქართველოში შრომისუნარიან მამაკაცზე საარსებო მინიმუმი რეალურად, საკვები პროდუქტების შუალედური დანაკარგის გაუთვალისწინებლად 309 ლარი, ხოლო ამ დანაკარგის გამორიცხვით (ნათალი, ნაჭუჭი და ა. შ. ანუ პროდუქციის ყიდვიდან საკვებად მიღებამდე) 317 ლარი უნდა იყოს და არა 150 ლარი, როგორც ეს საქართველოს სტატისტიკის ეროვნულ სამსახურს აქვს დათვლილი.

„ეკონომიკური პოლიტიკის ექსპერტთა ცენტრის“ პრეზიდენტის რამაზ გერლიანისა და ამავე ორგანიზაციის აღმასრულებელი დირექტორის ქეთევან კრიალაშვილის განმარტებით, საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახური საარსებო მინიმუმს ძველი მეთოდოლოგიით თვლის. შესაბამისად, მათ გათვლებში მინიმალური სასურსათო და არასასურსათო კალათები 70% - /30% - ზეა გადანაწილებული (70% - სასურსათო კალათა და 30% - არასასურსათო კალათა), მაშინ როცა „ეკონომიკური პოლიტიკის ექსპერტთა ცენტრის“ მიერ საარსებო მინიმუმის კვლევაში სასურსათო კალათაზე 55% , ხოლო არასასურსათოზე - 45% მოდის. ამასთან, „ეკონომიკური პოლიტიკის ექსპერტთა ცენტრის“ სპეციალისტებმა მინიმალური სასურსათო კალათა ზამთარ - ზაფხულის სეზონების მიხედვით, პროდუქტების შუალედური დანაკარგის გაუთვალისწინებლადაც დათვალეს და ამ შუალედური დანაკარგის გამორიცხვითაც, რაც ასევე ნოვატორული მეთოდია. სიახლეს წარმოადგენს ისიც, რომ „ეკონომიკური პოლიტიკის ექსპერტთა ცენტრმა“ კვლევა საბოლოო ჯამში 70 საკვები პროდუქტის  ფასებზე დაკვირვებით აწარმოა, მაშინ როცა სტატისტიკის ეროვნული ცენტრი, კვლევას საერთო ჯამში 40 საკვები პროდუქტის ფასების მიხედვით აწარმოებს და თუკი სტატისტიკის ეროვნული ცენტრის კვლევების მიხედვით, შრომისუნარიან მამაკაცზე საარსებო მინიმუმად დღეში 2300 კილო კალორიაა დადგენილი, „ეკონომიკური პოლიტიკის ექსპერტთა ცენტრის“ კვლევების მიხედვით, შრომისუნარიან მამაკაცზე საარსებო მინიმუმი დღეში 2500 კილოკალორიაა.
„ეკონომიკური პოლიტიკის ექსპერტთა ცენტრმა“ აღნიშნული კვლევა თბილისში, თელავში, მარნეულში, გორში, ახალციხეში, ქუთაისში, ზუგდიდსა და ბათუმში აწარმოა, მაშინ როცა სტატისტიკის ეროვნული ცენტრი კვლევას მხოლოდ საქართველოს 5 ბაზარზე აწარმოებს.

„ეკონომიკური პოლიტიკის ექსპერტთა ცენტრის“ პრეზიდენტის რამაზ გერლიანისა და ამავე ორგანიზაციის აღმასრულებელი დირექტორის ქეთევან კრიალაშვილის მტკიცებით, ინფლაციის დონისა და სხვა ეკონომიკური ფაქტორების გათვალისწინებით, მათი საკვლევი მეთოდოლოგია თითქმის სრულად შეესაბამება დღევანდელ რეალობას და სასურველია კვლევის ეს მეთოდები სახელმწიფომაც გაითვალისწინოს, რამდენადაც აღნიშნული მეთოდები კიდევ 4 წლის განმავლობაში შეინარჩუნებს ადექვატურობასა და ეფექტიანობას. 
ობიექტივი - 2014წ, 21 მაისი, 11:30 - 12:20,

No comments:

Post a Comment