Pages

Monday, November 24, 2014

„ეპეცის“ რეკომენდაცია ხელისუფლებას: კერძო მესაკუთრე - ქვეყნის სიძლიერის გარანტი

არასამთავრობო ორგანიზაცია „ეკონომიკური პოლიტიკის ექსპერტთა ცენტრი (ეპეც)“, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ერთმა აქტიურმა და დაინტერესებულმა ჯგუფმა 2009 წელს დაარსა. ეს ორგანიზაცია 2012 წლამდე მხოლოდ აკადემიურ, ე.წ „სამაგიდო“ სამუშაოებს ეწეოდა და სამოქალაქო აქტივობანი მხოლოდ 2012 წლიდან დაიწყო. მსგავსი საზოგადოებრივი აქტივობების ხასიათი და ხარისხი კი, თავის მხრივ, რა თქმა უნდა, სწორედ ზემოთ მითითებულმა აკადემიურმა, ანუ „სამაგიდო“ წინასწარმა და ძალზე შრომატევადმა სამუშაოებმა განსაზღვრა და განაპირობა.
მოკლედ, „ეპეცი“ არაკომერციული არასამთავრობო ორგანიზაციაა, რომელიც ახორციელებს საკანონმდებლო ბაზის ეკონომიკურ ანალიზს, ქმნის ეკონომიკური პოლიტიკის საკონსულტაციო ცენტრებს, ეწევა საგანმანათლებლო - შემეცნებით საქმიანობას, ეკონომისტთა პროფესიული დაოსტატებისა და კვალიფიკაციის ამაღლებისთვის ატარებს სამეცნიერო კონფერენციებს, დისპუტებსა და ა.შ. ორგანიზაცია, თავისი მიზნებიდან გამომდინარე, მოქმედებს საქართველოს მთელს ტერიტორიაზე, ასევე მის ფარგლებს გარეთ და მისი წევრი შეიძლება გახდეს ნებისმიერი ფიზიკური და იურდიული პირი, რომელიც იზიარებს და პატივს სცემს ორგანიზაციის მისიას, მიზნებსა და წესდებას.
                 
„ეპეცის“ პრეზიდენტი, ეკონომიკის მეცნიერებათა დოქტორი რამაზ გერლიანია, ვიცე - პრეზიდენტი - თსუ დოქტორანტი მათე გარდავაა, ორგანიზაციის აღმასრულებელი დირექტორი, თსუ დოქტორანტი - ქეთევან კრიალაშვილია, ორგანიზაციის ერთ - ერთი წევრი  ასევე ეკონომიკის მეცნიერებათა დოქტორი ირაკლი მაკალათია. საერთო ჯამში, „ეპეცი“ სახელმწიფოსათვის საჭირო და მტკივნეული ყველა მიმართულებით აქტიურობს. მაგალითად, „ეპეცის“ წარმომადგენლებმა, ერთიოდე წლის წინ აწარმოეს საფუძვლიანი კვლევა თემაზე: „საქართველოში საარსებო მინიმუმის კვლევის მეთოდოლოგიური ხარვეზები, მინიმალური სასურსათო კალათის შემადგენლობის ოპტიმიზაცია და საარსებო მინიმუმის გაანგარიშება.“ ამ კვლევის შედეგებმა დიდი დაინტერესება გამოიწვია როგორც მასმედიის საშუალებებში, ასევე სპეციალისტებსა და საზოგადოების ფართო ფენებში. „ეპეცის“ წარმომადგენლებს ძალზე საინტერესო მოსაზრებები გააჩნიათ მიწების განკერძოების მტკივნეულ საკითხთან და ზოგადად კერძო საკუთრებასთან დაკავშირებითაც. მათ საქართველოს სხვადასხვა უმაღლეს სასწავლებლებში ასევე დიდი წარმატებით განახორციელეს პროექტი თემაზე: „თავისუფლება და ეკონომიკური თავისუფლება - კერძო საკუთრება, როგორც თავისუფლების გარანტი.“  ამ პროექტში მიწების განკერძოების შესაძლებლობა  და კერძო საკუთრების თემა სწორედაც ერთ - ერთი უძირითადესი ამოსავალი დებულებაა. მითითებული კონკრეტული პროექტის დირექტორია ქეთევან კრიალაშვილი, მათე გარდავამ, რამაზ გერლიანმა და  ირაკლი მაკალათიამ პროექტის ექსპერტობა იტვირთა.  აღნიშნული პროექტის ეგიდით, „ეპეცელებმა“ ლექციების კურსი უკვე წაიკითხეს საქართველოს შემდეგ უმაღლეს სასწავლებლებში: ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში, თელავის იაკობ გოგებაშვილის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტში, შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტში, საპატრიარქოს წმინდა თამარ მეფის სახელობის სასწავლო უნივერსიტეტში, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტში, გრიგოლ რობაქიძის სახელობის უნივერსიტეტში, კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტში, ბათუმის სახელმწიფო უნივერსიტეტში, თბილისის სასწავლო უნივერსიტეტში. „ეპეცელების“ მიერ წაკითხული ლექციების ეს კურსი, სტუდენტებისა და დაინტერესებული პირების მხრიდან მართლაც რომ დიდი მოსწრებით გამოირჩეოდა. სწორედ ამ თემით დაიწყო ჩვენთან საუბარი „ეპეცის“ პრეზიდენტმა რამაზ გერლიანმა:
- ჩვენი ლექციებით სტუდენტებისა და თავისუფალი მსმენელების ასეთი დიდი დაინტერესების მიზეზი, პირველ რიგში, ალბათ თვითონ თემის დასახელებაში მდგომარეობს. ვფიქრობ, მართლაც საინტერესოდ ჟღერს ჩვენი ამ სალექციო კურსის სათაური: „თავისუფლება და ეკონომიკური თავისუფლება - კერძო საკუთრება, როგორც თავისუფლების გარანტი.“ თუკი ადამიანს არ ექნება კერძო საკუთრება, იგი ვერ იქნება ეკონომიკურად, შესაბამისად საზოგადოებრივად და პოლიტიკურად თავისუფალი. თავისუფლება ისეთი საყოველთაო და ზოგადსაკაცობრიო მნიშვნელობის კატეგორიაა, რომლისკენაც ყველანი მივისწრაფვით. ამასთან, ჩვენს სალექციო კურსს მრავალფეროვნება ახასიათებს, რაც მსმენელისათვის ასევე მნიშვნელოვანია, ანუ აღნიშნული თემა, თავის თავში, ესე იგი სალექციო კურსში, მოიცავს ამავე პროფილის სხვა საინტერესო ქვეთემებსაც. ეს ქვეთემებია: „თავისუფლებისა და ეკონომიკური თავისუფლების როლი ეკონომიკურ პოლიტიკაში“; „კერძო საკუთრება და ეკონომიკური თავისუფლების ხარისხი“; „კერძო საკუთრება და ეკონომიკური თავისუფლების დონე საქართველოში“; „ეკონომიკური თავისუფლება - გლობალური კრიზისიდან ლოკალურ წარმატებამდე“; „ეკონომიკური თავისუფლება და ეკონომიკური თავისუფლების ინტერესები“; „კერძო საკუთრება და ეკონომიკური თავისუფლება“.
                       - ლექციების შინაარსიდან გამომდინარე, თქვენი ირგანიზაცია აშკარად მემარჯვენე ეკონომიკურ პოზიციებზე დგას. რაში მდგომარეობს ასეთი პოზიციის
 უპირატესობა მემარცხენე ეკონომიკურ ხედვასთან შედარებით?..
- მაგალითებით თუ ვიმსჯელებთ, ის ქვეყნები გაცილებით უკეთესად ცხოვრობენ, რომლებიც სწორედ მემარჯვენე, ან მემარჯვენე ცენტრისტულ  ეკონომიკურ პოლიტიკას ემყარებიან, თუმცა ჩვენი პოზიცია მხოლოდ ასეთი გადმოსახედით არ შემოიფარგლება. ჩვენ, უბრალოდ, თავისუფალ საბაზრო ეკონომიკას ვუჭერთ მხარს. სწორედ წმინდა საბაზრო, ანუ თავისუფალი საბაზრო ურთიერთობები განაპირობებს თავისუფალ კონკურენციას, რაც სახელმწიფოს ეკონომიკური კეთილდღეობის საწინდარია. ქვეყნის ეკონომიკა აუცილებლად კერძო საკუთრებას უნდა დაემყაროს....
 - ეკონომიკური პოლიტიკის თქვენეულ ხედვაში, კერძო საკუთრება მართლაც
  რომ ძირითადი პარადიგმაა...

მათე გარდავა:
თუ ქვეყნის ეკონომიკური მოწყობის კაპიტალისტური ფორმა გვინდა, მაშინ კერძო საკუთრება მართლაც ამოსავალი წერტილი უნდა იყოს. ძალიან მარტივი მისახვედრია, რომ თუ არ გაქვს კერძო საკუთრება, არ ხარ თავისუფალი არც ეკონომიკური და არც საზოგადოებრივი თვალსაზრისით და სადაც კერძო საკუთრებაა, იქაა პირადი და საზოგადოებრივ - პოლიტიკური თავისუფლებაცა და შესაბამისად ქვეყნის ძლიერებაც...
   - გასაგებია, მაგრამ ჩვენი ქვეყნის სინამდვილეში ამ მიმართულებით  წინააღმდეგობა რაში მდგომარეობს?
- ამ თვალსაზრისით, საქართველოში წინააღმდეგობა სახელმწიფოს მხრიდან მართლაც არსებითია. მაგალითად, სადღეისოდ, საქართველოში, მიწების 70 % სახელმწიფო საკუთრებაშია, შესაბამისად, მხოლოდ 30% - ია კერძო საკუთრებაში, რაც, რა თქმა უნდა, საბაზრო ეკონომიკის ძირითად პრინციპებს აშკარად არ შეესაბამება და ამიტომაც ვერ გაიმართა დღემდე ქვეყანა წელში ეკონომიკურად. მსგავსი ვითარებიდან ერთადერთი სწორი გამოსავალი მოქალაქეებზე მიწების უსასყიდლოდ დარიგებაა. საქმისადმი ასეთი მიდგომა გამოიწვევს იმას, რომ მიწას ფასი დაედება, ბიუჯეტიც შეივსება და ზოგადად ეკონომიკაში კაპიტალის ბრუნვა დაიწყება. მოკლედ, ასეთ შემთხვევაში, ქვეყნის ეკონომიკური განვითარების ვექტორი წაღმა დატრიალდება, რაც მრავალმხრივი სარგებლის მომტანი იქნება საქართველოს თითოეული მოქალაქისათვის და ამდენად ქვეყნისთვისაც.
  - სახელმწიფო სტრუქტურებს თუ აწვდით თქვენს მოსაზრებებს  რეკომენდაციების სახით?...
ქეთევან კრიალაშვილი: თავდაპირველად გეტყვით იმას, რომ მიწების განკერძოების თემა ერთ - ერთი ყველაზე მტკივნეული საკითხია ჩვენს ქვეყანაში. მითითებულ საკითხთან დაკავშირებით, პრემიერმინისტრის დავალებით სამთავრობო კომისიაც კი შეიქმნა, რომელსაც იუსტიციის მინისტრი თეა წულუკიანი ხელმძღვანელობს. ამ კომისიის წარმომადგენლებს შევხვდით კიდეც, მაგრამ მათ სამოქმედო გეგმის ძირითადი აქცენტი უცხოელებზე მიწების არმიყიდვაზე აქვთ გადატანილი და არა მიწების ეფექტურად მართვაზე. ჩვენი თვალსაზრისით კი საქართველოს მოქალაქეებზე მიწების თანაბრად და უსასყიდლოდ გადანაწილება აუცილებელია. მიწების საკითხისადმი მსგავსი ოპტიმალური მიდგომით, სახელმწიფო, ყოველ წელიწადს, ყველაზე მცირე, 49 მილიონ მილიონს მიიღებს. სახელმწიფო ჩვენს ამ რეკომენდაციას ჯერჯერობით ვერ ან არ ითვალისწინებს, რამდენადაც ჩვენი ხელისუფლება ამ ეტაპზე თითქოსდა სოციალურად ორიენტირებულ ეკონომიკურ კურსს ადგას. არადა, მსგავსი ეკონომიკური კურსი საბაზრო ეკონომიკის პრინციპებისადმი აშკარად შეუთავსებადია და იგი ყველანაირ პერსპექტივაში, რა თქმა უნდა, არაეფექტური აღმოჩნდება...
 - სახელმწიფომ არ გაითვალისწინა თქვენი რეკომენდაციები საარსებო
  მინიმუმთან დაკავშირებითაც, არადა, თქვენს მიერ დათვლილი საარსებო
 მინიმუმი, რეალობასთან უფრო ახლოსაა, ვიდრე თვითონ სახელმწიფოს მიერ
   დადგენილი საარსებო მინიმუმი...
- ბოლო კვლევების თანახმად, სახელმწიფომ საარსებო მინიმუმად 142 ლარი დაადგინა, ჩვენი, ანუ „ეპეცის“ კვლევების მიხედვით კი საარსებო მინიმუმი კვლავაც 315 ლარია. ჩვენს რეკომენდაციებს ამ მიმართულებით, სახელმწიფო ისევ და ისევ, არ ან ვერ ითვალისწინებს. მეტიც, სახელმწიფო იძახის, რომ მაშინ როცა პენსიონერებს პენსიას საარსებო მინიმუმზე მეტს -150 ლარს - ვუხდი, თქვენი რეკომენდაციები ამ მიმართულებით რაღა საჭიროაო. როგორც იტყვიან, კომენტარი ზედმეტია...
 - ხელისუფლების ადგილზე პირველ რიგში რა ღონისძიებებს გაატარებდით
  ქვეყანაში ეკონომიკური მდგომარეობის გასაუმჯობესებლად?

რამაზ გერლიანი:
კერძო საკუთრება მარტო მიწების საკუთრებას არ უდრის. შესაბამისად, უპირველეს ყოვლისა, საქართველოს მოქალაქეებს თანაბარზომიერად, უსასყიდლოდ გადავუნაწილებდი იმ აქტივებს, რომლებიც სახელმწიფოს ხელში დაკონსერვებულია და ეკონომიკურ ბრუნვაში არ არის ჩართული. თუკი მოქალაქეების კერძო საკუთრებად იქცევა ყველა ის აქტივი, რომლებსაც ეკონომიკური უკუგების მოტანა შეუძლიათ, ასეთ შემთხვევაში, გაიზრდება პენსიებიც, მოქალაქეთა კეთილდღეობაც, ქვეყნის ბიუჯეტიც და ზოგადად ეკონომიკაც. მოკლედ, ყველაფერი კერძო საკუთრების ფორმირებაზე, ანუ იმაზე იქნება დამოკიდებული, რამდენად მოახერხებს სახელმწიფო მოქალაქეებზე კერძო საკუთრების უსასყიდლოდ გადაცემის პროცესის ეფექტიანად წარმართვას.
 - თქვენი ორგანიზაციის სამომავლო სამოქმედო გეგმები როგორია?
- სამოქალაქო და საზოგადო აქტივობებს, რა თქმა უნდა, სამომავლოდაც ვაპირებთ. ზოგ აქტივობას წინასწარ დავგეგმავთ, ზოგსაც - კონკრეტული სიტუაციიდან გამომდინარე, იმისდა მიხედვით, როგორი იქნება კონკრეტული ეკონომიკური და პოლიტიკური გზავნილები. ერთი კი იმთავითვე ნათელია: ჩვენი ნებისმიერი აქტივობის კრედო და ქვაკუთხედი ყოველთვის „თავისუფლებისა და ეკონომიკური თავისუფლების“ შესახებ ზემოთ არაერთხელ განხილული  ფუნდამენტური დებულება იქნება. ჩვენს ქვეყანას, წარსულმა საბჭოთა სისტემამ ისეთი მძიმე დაღი დაასვა, რომ კერძო საკუთრებისა და ეკონომიკური თავისუფლების არსი ჯეროვნად დღემდე ვერ გაგვიცნობიერებია...
             

            

No comments:

Post a Comment