Pages

Tuesday, April 29, 2014

რის მიხედვით განისაზღვრება საარსებო მინიმუმი და როგორ დაინაგარიშებენ მას „ეკონომიკური პოლიტიკის ექსპერტთა ცენტრის“ ახალი კვლევის მიხედვით;

საარსებო მინიმუმი საქართველოში ჯანდაცვის მინისტრის 2003 წლის N111 ბრძანების მიხედვით ანგარიშდება. არასამთავრობო ორგანიზაცია „ეკონომიკური პოლიტიკის ექსპერტთა ცენტრის“ პრეზიდენტის რამაზ გერლიანის განცხადებით, 2003 წელს დაანგარიშებული საარსებო მინიმუმი მნიშვნელოვნად ცდება დღევანდელ რეალობას, ამიტომ „ეკონომიკური პოლიტიკის ექსპერტთა ცენტრი“კვლევას ატარებს და ბაზარს საქართველოს მასშტაბით სწავლობს.

„იმ მეთოდოლოგიის მიხედვით, რომლითაც ადრე ხდებოდა საარსებო მინიმუმის გამოკვლევა, მაგალითად, სამცხე-ჯავახეთი გათვალისწინებული არ იყო. ასევე არ იყო შესწავლილი ქვემო ქართლი და სამეგრელო-ზემო სვანეთი. აქამდე სტატისტიკის სამსახური ამ მონაცემებს, მხოლოდ 5 ქალაქის მაგალითზე აჯამებდა“, - ამბობს გერლიანი და ამატებს, რომ კვლევა, რომელსაც „ეკონომიკური პოლიტიკის ექსპერტთა ცენტრი“ ატარებს მთელ საქართველოს მოიცავს. 

მისი თქმით, საარსებო მინიმუმში ამჯერად გათვალისწინებული იქნება კომუნალური გადასახადები, კომუნიკაციის, მგზავრობის ხარჯები, მინიმალური ჰიგიენური საშუალებები, ტანსაცმელი, საყოფაცხოვრებო ნივთები და საოჯახო აფთიაქი. გარდა ამისა, აქამდე საარსებო მინიმუმში კრებსითი კალორიულობა შეადგენდა 2 300 კილოკალორიას, ახლა კი კილოკალორიულობა 2 500-ით განისაზღვრება.

„ჩვენ რეკომენდაციებსა და კვლევის შედეგებს წარვუდგენთ როგორც აღმასრულებელ ხელისუფლებას, ასევე საკანონმდებლოს, სტატისტიკის დეპარტამენტს. ეს იმიტომაა მნიშვნელოვანი, რომ როდესაც ქვეყანაში სოციალური პოლიტიკა იგეგმება, ეს იქნება პენსია, მინიმალური ხელფასი თუ დაუბეგრავი მინიმუმი, სწორება საარსებო მინიმუმზე უნდა ხდებოდეს“, - ამბობს გერლიანი და ამატებს, რომ ახალციხის შემდეგ ბაზრის კვლევას გორში ჩაატარებენ და ამით კვლევის პრაქტიკულ ნაწილს დაასრულებენ. 

[თამუნა უჩიძე, ახალციხე]

წყარო: http://sknews.ge/index.php?newsid=3584#.U2AxpvmSz7N 

No comments:

Post a Comment