Pages

Wednesday, January 29, 2014

რამაზ გერლიანი: მთავრობას გარკვეულ საკითხებში რეაგირება აგვიანდება


რადიო კომერსანტი: 2014-01-28 12:33:40



ინტერვიუ „ეკონომიკური პოლიტიკის ექსპერტთა ცენტრის“  ხელმძღვანელ  რამაზ გერლიანთან 
- კმაყოფილი ხართ  იმ შეხვედრებით, რაც ქართულ დელეგაციას დავოსში ჰქონდა?  ეს იყო უფრო მეტად ფორმალური შეხვედრები თუ შეიძლება რეალურ შედეგებს ველოდოთ? 

- ეს იყო მნიშვნელოვანი შეხვედრები. საქართველოს დელეგაციას გააჩნდა იმის საშუალება, რომ მსოფლიო საზოგადოებისთვის მოეხსენებინა თავისი შეხედულებები. ძალიან მნიშვნელოვანია, როდესაც 2 500 წარმომადგენლის წინაშე ხდება ქვეყნის გაცნობა და კონკრეტული შეთავაზების
გაკეთება. ასევე მნიშვნელოვანია ის კონკრეტული შეხვედრები, რომელიც სამომავლოდ ეხება ინვესტირებას და ჩვენი ქვეყნით დაინტერესებას. დავოსის ფორუმი თავისი არსით უფრო ფორმალური ხასიათისაა, თუმცა შესაძლებლობაა პოტენციურ ინვესტორებთან დაამყარო კავშირი და შესაბამისად, ამას კონკრეტულ დაბანდებებში მოყვეს შესაბამისი რეაგირება. ამავდროულად მნიშვნელოვანია, რომ ის პრობლემები, რომელიც  ფორუმის ფარგლებში იყო გაჟღერებული, მათ შორის მსოფლიო ტექნოლოგიური პროგრესი და ასე შემდეგ, ამ პროცესში საქართველოს როლი განისაზღვრება როგორც რეგიონული მასშტაბით, ასევე მისი გეოპოლიტიკური მდგომარეობით. 

- გქონდათ თუ არა მოლოდინი, რომ ბიძინა ივანიშვილი ქართული დელეგაციის შემადგენლობაში იქნებოდა? 

- ეს შესაძლებელი იყო, ოღონდ ამ შემთხვევაში ბიზნესმენის რანგში. მე ამის მოლოდინი არ გამაჩნდა იქიდან გამომდინარე, რომ მან ხელისუფლება გადააბარა შესაბამის ჯგუფს, რომელსაც გამოუცხადა ნდობა. ამიტომ ამის მოლოდინი მე არ მქონდა. 

- დაახლოებით რა პერიოდია ხოლმე საჭირო, რომ რეალური ინვესტიციები დავინახოთ ქვეყანაში. ანუ წელს გამართულმა შეხვედრებმა რა პერიოდში შეიძლება გამოიღოს შედეგი? 

- გააჩნია რა სახის პროექტზე იქნება საუბარი. ეს დამოკიდებულია, თუ რა თანხის გარიგება იქნება პოტენციურ ინვესტორთან. 

- ანუ ასეთ ფორუმებზე შესაძლებელია ინვესტორის დაინტერესება და მოზიდვა? 

- რა თქმა უნდა, ეს ძალიან მნიშვნელოვანია, განსაკუთრებით ისეთი მცირე ქვეყნისთვის, როგორიც საქართველოა. პოლიტიკური თვალსაზრისითაც მნიშვნელოვანია. 

- რამდენიმე დღის წინ EBRD-ის პროგნოზი გამოქვეყნდა, ცოტა უფრო ადრე მსოფლიო ბანკმა გააუმჯობესა 2014 წლის საპროგნოზო მაჩვენებელი. EBRD-ი 4.5 პროცენტიან ეკონომიკურ ზრდას პროგნოზირებს, რამდენად ეთანხმებით ასეთ ოპტიმისტურ პროგნოზს საერთაშორისო ორგანიზაციების მხრიდან და რეალურად არსებობს თუ არა საფუძველი, ვივარაუდოთ, რომ წელს გასულ წელთან შედარებით გაორმაგებული ზრდის მაჩვენებელი იქნება? 

- მაქვს ამის მოლოდინი და ეს ასეც უნდა იყოს. იმ ფონზე, როდესაც გასულ  წელს ეკონომიკური ზრდის მაჩვენებელი არც თუ ისე მაღალი იყო, აქედან გამომდინარე სავსებით რეალისტურია, რომ 4.5 -5 პროცენტიანი ეკონომიკური ზრდა გვქონდეს. თუმცა ეს გარანტირებული იქნება თუ არა, ამის წინასწარ თქმა ცოტა ძნელია. ეს ყველაფერი დამოკიდებულია იმაზე, თუ რა სახის ეკონომიკურ პოლიტიკას გაატარებს ეკონომიკური გუნდი. არის რამოდენიმე საკითხი, რომელიც საქართველოში მოსაგვარებელია.

- მაგალითად, რომელია ყველაზე მნიშვნელოვანი პრობლემა? 

- თუნდაც საკუთრება. ეს საკითხი სასწრაფოდ მოსაგვარებელი და გადასაწყვეტია. ამის მოგვარება 5  და უფრო მეტ პროცენტიან ეკონომიკური ზრდის საშუალებას მისცემს ქვეყანას. 

- მთავრობის მხრიდან შენელებული  ხომ არ არის რეაგირების ტემპი? 

- გასული წელი სრულიად საკმარისი იყო იმისთვის, რომ მთავრობა ქმედებებზე იყოს გადასული და შესაბამისად, შედეგებიც იყოს. მათ გარკვეულ საკითხებში რეაგირება აგვიანდებათ, ეს კი უკვე შეიძლება ნიშნავდეს იმას, რომ ეს ტემპები ქვეყანას გაექცეს და შემდეგ უკვე ვერ შეძლოს იმის გამოყენება, რისი გამოყენებაც მას შეეძლო მაღალი ტემპების ფარგლებში.

- ამას ვერ ხვდებიან მთავრობის წევრები? 

 -არ ვიცი, ექსპერტის გადასახედიდან ალბათ ეს სხვანაირად ჩანს. სასურველი იქნებოდა უფრო მეტი გახსნილობა თუნდაც სამოქალაქო სექტორთან, ექსპერტებთან მიმართებაში, რომლებსაც შეუძლიათ ძალიან საინტერესო შემოთავაზებები გააჟღერონ. დღეს კი იგრძნობა, რომ ეს წრე გარკვეულწილად ჩაკეტილია. 

No comments:

Post a Comment